ახალი ამბები

ტრამპმა მეცნიერების გაფრთხილების მიუხედავად მზის დაბნელებას შეხედა

22 აგვისტო, 2017 • 2391
ტრამპმა მეცნიერების გაფრთხილების მიუხედავად მზის დაბნელებას შეხედა

გუშინ 21 აგვისტოს, ჩრდილოეთ ამერიკის მოსახლეობა იშვიათი ასტრონომიული მოვლენის, მზის სრული დაბნელების მომსწრენი გახდნენ. ამ მოვლენას დააკვირდნენ თეთრი სახლიდანაც. დონალდ ტრამპი მეუღლესა და უმცროს ვაჟთან ერთად მზის დაბნელებას თეთრი სახლის აივნიდან აკვირდებოდა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა მეცნიერების გაფრთხილება არ გაითვალისწინა და რამდენიმეჯერ ცაში დამცავი ფილტრის მქონე სათვალის გარეშე აიხედა.

ვიდეოში, რომელშიც ეს ჩანს, ისმის კიდეც, როგორ მოუწოდებენ პრეზიდენტს, არ შეხედოს მზის დაბნელებას სპეციალური სათვალის გარეშე.

მზის დაბნელება თეთრი სახლიდან 21.08.17 EPA/SHAWN THEW

მზის დაბნელება თეთრი სახლიდან 21.08.17 EPA/SHAWN THEW

მოგვიანებით, ტრამპებმა დამცავი ფილტრის მქონე სპეციალური სათვალეების მოირგეს, თუმცა დონალდ ტრამპმა სათვალე რამდენჯერმე მოიხსნა და მზეს შეხედა.

მზის დაბნელება ადამიანის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო მოვლენაა. თუმცა არსებობს ერთი წესი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ დაარღვია. არავითარ შემთხვევაში, თუ მთვარის ჩრდილი მზის სიკაშკაშეს სრულად არ ფარავს, ამ დროს მზეს შიშველი თვალით არ უნდა შეხედოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მზის დაბნელების დროს ვარსკვლავისთვის თვალის მოკვრა არა მარტო არაკომფორტული, არამედ სახიფათოც კი შეიძლება იყოს.

როგორც, დოქტორი კრისტოფერ ქუინი “სი-ენ-ენ-თან” საუბრისას ამბობს, ამ მოვლენის დროს მზის სინათლის ინტენსივობა და სიკაშკაშე იმდენად დიდია, რომ თვალის ბადურას მისი დამუშავება არ შეუძლია, რამაც შესაძლოა მხედველობის დროებით დაკარგვაც კი გამოიწვიოს.

ამის თავიდან ასაცილებლად, “ნასა” მოუწოდებდა მოსახლეობას, შეეძინათ, ან თავად დაემზადებინათ მზის ფილტრიანი სათვალე, რათა უსაფრთხოდ დაკვირვებოდნენ მზის დაბნელებას.

მზის სრული დაბნელება ფიქსირდება, როდესაც მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება და მისი ჩრდილი დედამიწას ეფინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი