ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარის მხარდამჭერი განცხადებები მეარაყიშვილის საქმეზე

22 აგვისტო, 2017 • 3162
ოსური მხარის მხარდამჭერი განცხადებები მეარაყიშვილის საქმეზე

თამარ მეარაყიშვილის, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის დაკითხვებისა და დაკავების საქმეზე, ოსური მხარის მიერ სოციალურ ქსელებში გამოთქმული ვარაუდებისა და მის მიმართ ძირითადად ნეგატიური შინაარსის კომენტარების პარალელურად, განცხადება ოსური ხელისუფლების ერთადერთმა წევრმა, მურატ ჯიოევმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ მეარაყიშვილის საქმე რესპუბლიკის შიდა საქმეა და სხვა მხარის, კონკრეტულად კი ქართული მხარის განცხადებები [საქართველოს ხელისუფლების წევრები, ომბუდსმენი, სამოქალაქო საზოგადოების წევრები], მათ შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა.

ის, რომ ქართული მხარე, მათ შორის ქართულენოვანი მედია, მეარაყიშვილის საქმეზე მუდმივად საუბრობს, ღია უკმაყოფილების მიზეზი გახდა ოსური საზოგადოების ნაწილშიც. მათი განცხადებით, აქტივისტის მიმართ ასეთი ღია მხარდაჭერა ქართული მხარის მიერ უფრო მეტად ამწვავებს სიტუაციას და მერაყიშვილს ოსურ მხარესთან საქმეს უფუჭებს. ამავე დროს, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის საქმეზე ოსურ მხარეს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ღია მხარდამჭერი განცხადებები თითქმის არ გაუკეთებიათ.

აქტივისტს ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილს ბრალს დებენ მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში. მსგავსი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე დე ფაქტო რესპუბლიკაში ამ დრომდე არავის მიმართ არ დაუწყიათ. საქმე შეეხება მეარაყიშვილის მიერ რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” გაკეთებულ კომენტარს ახალგორში პოლიტიკურად მოტივირებულ საკადრო ცვლილებებზე. თუმცა მისი სამართლებრივი დევნა რეალურად მის აქტივიზმს უკავშირდება.

ოსური მხარის პოზიციის გასაგებად ნეტგაზეთი ოსურ მხარესთან კომუნიკაციას შეეცადა. სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა, რომელთაც დავუკავშირდით, გვითხრეს, რომ ახალგორელი აქტივისტის საქმეს კარგად არ იცნობენ, ამიტომაც საუბრისგან დროებით თავს შეიკავებენ.

იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მისი პოზიციები ხელსუფლებას არ მოსწონდა არა მხოლოდ ოსეთში, არამედ საქართველოშიც – ეს ნორმალურია.

“ის, რომ დამიკავშირდით, ცუდი არ არის. მედიასთან ურთიერთობის პრობლემა არ მაქვს, ეს ქართულ მედიასაც ეხება, ჩემთვის განსხვავება არ არის. მაგრამ ამ თემის კომენტირება იმის გამო, რომ ეს, უბრალოდ, ჩემი სფერო არ არის, არ შემიძლია. მე პირადად ვიცნობ თამარს და ვიცნობ, როგორც ღირსეულ ადამიანს, აქტიურ მოქალაქეს. ის გადასარევი დედაა, უყვარს საკუთარი მხარე.  იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მისი პოზიციები ხელსუფლებას არ მოსწონდა არა მხოლოდ ოსეთში, არამედ საქართველოშიც – ეს ნორმალურია, ჩემი აზრიც არ მოსწონდათ ოსეთში ყოველთვის. მეც მაინტერსებს,  რა ხდება რეალურად და გავარკვევ ამას. იქ [ახალგორი/ლენინგორი] არ შეიძლება იყოს ისეთი ნეგატივი, რასაც ზოგიერთი გვიმტკიცებს. პირიქით, გარწმუნებთ, ადამიანებს შორის ურთიერთობების კუთხით მთელი რაიონი საუკეთესო ეპითეტებს იმსახურებს. მაგრამ თქვენ ალბათ ყურადღებას მიაქცევდით იმასაც, რომელი მედია გააქტიურდა ამ საკითხზე, მისი გამოყენებით ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არც ისე კარგია და ყველაფერი მესმის, ვფიქრობ, –  თქვენც. ჯერ მხოლოდ დიდი რაოდენობით ემოციები გამოდის იქიდან, ვიდრე ჭერშმარიტება”, – განუცხადა ნეტგაზეთს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა, რომელსაც მეარაყიშვილის საკითხზე პოზიციის გაზიარება ვთხოვეთ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვინმეს დაკვეთაა ეს. მაგრამ ვისი, არ ვიცი.

საგამოძიებო მოქმედებები ალოგიკური ეჩვენება ოს უფლებადამცველს, ფატიმა მარგიევას.

“ის, თუ რა ხდება სინამდვილეში, მხოლოდ მარჩიელობა შეგვიძლია. მათი ქმედებები იმდენად ალოგიკურად მეჩვენება, არც ვიცი, რა ვიფიქრო. ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია. იმისთვის, რომ რომელიმე მუხლი გამოიყენო, საჭიროა საფუძველი, და არა ის, რომ საქმე დაიწყო და მერე ეძებო მტკიცებულებები. რომც არსებობდეს ვინმეს განცხადება იმის შესახებ, რომ მან ცილი დასწამა ვინმეს, ამის მტკიცებულებები უნდა იყოს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვინმეს დაკვეთაა ეს. მაგრამ ვისი, არ ვიცი. უფრო სერიოზული ბრალდებებიც ყოფილა ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ცილისწამების მუხლით საქმე არავის დაუწყია. აი, თამარის შემთხვევაში კი დაიწყეს”.

“რა ვთქვა, არ ვიცი. გაუგონარი ამბავია. რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ცდილობენ სამხრეთ ოსეთიდან მის გამოძევებას. ეს ბრალდება კი საბჭოთა მიდგომაა. ისე, სამხრეთ ოსეთი რაღაც საბჭოთა ნაკრძალს ემსგავსება. არის კგბ, ლენინგორის რაიონი და ა.შ.”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში ოსი ჟურნალისტი ვალერი ძუცევი, რომელიც ამჟამად სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და მუშაობს.

თამარ მეარაყიშვილის მხარდამჭერი განცხადება ოსური მედიით გუშინ, 21 აგვისტოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამხრეთ ოსეთის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ლირა ცხოვრებოვამ გააკეთა. ფაქტიურად, მის მიმართ ეს ერთადერთი მხარდამჭერი განცხადებაა, რომელიც ოსური, სახელმწიფო მედიით გავრცელდა.

“თუ თამარ მეარაყიშვილი რამეში დამნაშავეა, ამისთვის უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ბაზა. სტუქტურებს, რომლებმაც ეს ყველაფერი წამოიწყეს, ჯერ უნდა უნდა ემუშავათ მტკიცებულებების შესაგროვებლად, ეპოვათ ისინი და მხოლოდ შემდეგ დაებარებინათ მეარაყიშვილი დაკითხვაზე, აუცილებლობის შემთხვევაში კი, დაეკავებინათ. რეალურად, როგორც ინტერნეტპუბლიკაციებიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, დაკავება სანქციების წარმოდგენის გარეშე და გარკვეული საპროცედურო დოკუმენტების გარეშე მოხდა  – მას იძახებენ, მიჰყავთ გამოძიების გარეშე, აკავებენ, მერე აბრუნებენ, მერე ისევ აკავებენ და უშვებენ”,  – ლირა ცხოვრებოვა.

მეარაყიშვილი ქალია სამოქალაქო პოზიციით, რასაც არც ჩვეულებრივი მოქალაქეები და არც ხელისუფლება არ ვართ მიჩვეული.

აქვე ცხოვრებოვა ამბობს, რომ შექმნილმა ვითარებამ თამარ მეარაყიშვილი მსხვერპლად და გმირად აქცია.

“ის უდიდეს მოწამედ აქციეს, გმირად, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან სამრთალდარღვევათა მსხვერპლად. მეარაყიშვილი ქალია სამოქალაქო პოზიციით, რასაც არც ჩვეულებრივი მოქალაქეები და არც ხელისუფლება არ ვართ მიჩვეული. ის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. კითხვები მის მიმართ უჩნდებათ მისი პოზიციის გამო, რომ ღიად აფიქსირებს პრეტენზიებსა და ვარაუდებს. ის, რაც ხდება მეარაყიშვილის ირგვლივ, დიდი სირცხვილია. გული მწყდება რესპუბლიკაზე და მის პრეზიდენტზე”, რომელიც ცხოვრებოვას ვარაუდით, არ არის მომხდარის საქმის კურსში, რადგანაც ის შვებულებაშია.

თამარ მეარაყიშვილი ამჟამად ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება. დაკავების დღეს ახალგორში, დე ფაქტო რესპუბლიკის საგამოძიებო ორგანოებმა მას ყველანაირი საბუთი, პასპორტი, საბანკო ბარათები და სხვა პირადი ნივთები ჩამოართვეს, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. გარდა ამისა, მისი ბინის ჩხრეკის დროს სამართალმდაცავებმა, რომლებიც, ოფიციალური ცნობით, ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოცემული ინგლისურენოვანი ჟურნალი, ყდაზე რუსეთის პრეზიდენტის გამოსახულებითა და წარწერით “Fuck Putin”, ერთ-ერთ ნივთმტკიცებად წაიღეს. მეარყიშვილს ამჟამად ჰყავს ადვოკატი ჩრდილოეთ ოსეთიდან, რომელმაც მისი უფლებების დაცვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

რუსმა უფლებადამცველმა ვარვარა პახომენკომ “ეხო კავკაზასთან” თამარ მეარაყიშვილის საქმეთან დაკავშირებით მომზადებულ მასალაში ცილისწამების ბრალდების შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნული ბრალდება, მისი დამტკიცების სირთულიდან გამომდინარე, რუსეთშიც კი [სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული კანონმდებლობა ვრცელდება] ძალიან იშვიათად გამოიყენება.

“ცილისწამება ეს ცრუ ინფორმაციაა, ანუ ადამიანმა თავიდანვე იცის, რომ ტყუის და მაინც სიცრუეს ამბობს. ძიების ამოცანაც სწორედ ისაა, რომ ეს მომენტი დაამტკიცოს, რაც ძალიან რთულია. ამიტომაც რუსეთში ძირითადად ადმინისტაციული საქმეები იწყება პატივისა და ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის. თუმცა ამასაც ახლავს სირთულეები, რადგან მომჩივანმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად დაზარალდა ცილისწამების გამო, ან სამსახურიდან დაითხოვეს, ან ნერვული დაავადებით დაავადდა და ა.შ”.


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი