ახალი ამბები

სამინისტრო ბორჯომის ტყეზე მიმდგარ ზიანს ხანძრის ჩაქრობის შემდეგ განსაზღვრავს

22 აგვისტო, 2017 • 1696
სამინისტრო ბორჯომის ტყეზე მიმდგარ ზიანს ხანძრის ჩაქრობის შემდეგ განსაზღვრავს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე, 2014-2017 წლებში აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.

მათი ცნობით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.

“ტერიტორიაზე 2008 წლის ნახანძრალი ხე-ტყის არსებობა განპირობებულია ფართობის სპეციფიკური მდგომარეობით (მაღალი დახრილობის ფერდობები) და ტყის აღდგენის სამუშაოების წარმოებისას აღნიშნული ხე-ტყე გამოიყენება ეროზიასაწინააღმდეგო ბარიერების მოსაწყობად.” – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს განცხადებით, ხანძრის სრულად ჩაქრობის შემდეგ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ტერიტორიაზე მორიგეობას რამდემინე დღის განმავლობაში გააგრძელებენ და ხანძრის სრულად ლიკვიდაციის შემდეგ დაიწყება ტერიტორიის დეტალური შესწავლაც, რომლის დროსაც დაზუსტდება გარემოზე მიყენებული ზიანი და დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები:

“აღსანიშნავია, რომ ცეცხლით მოცული ტერიტორია წარმოადგენს საპროექტო ფართობს და მასზე ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება მიმდინარე წლის საშემოდგომო სეზონზე იგეგმებოდა.”

სოფელი დაბის ტყის ფერდობზე ხანძრის კერების ლოკალიზებას ამ დროისთვის საქართველოდან 2 და აზერბაიჯანიდან გამოგზავნილი 1 ვერტმფრი ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი