ახალი ამბები

პრემიერის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად მასშტაბური სამუშაოები დილით დაიწყება

22 აგვისტო, 2017 • 1841
პრემიერის განცხადებით, ხანძრის ჩასაქრობად მასშტაბური სამუშაოები დილით დაიწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მახლობლად ხანძრის სალიკვიდაციო მასშტაბური სამუშაოები დილიდან დაიწყება.

ეს განცხადება პრემიერმა ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:

“რამდენიმე კრიტიკული ფრონტი არის გამოყოფილი. მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული. დილის ექვს საათამდე იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება, გზები იქნება ორგანიზებული. როგორც კი ინათებს, ცოცხალი ძალის მობილიზებაც გაკეთებული გვაქვს და როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით, ერთდროულად დავიწყებთ. სამი კრიტიკული ზონა არის: ეს არის ახალი გაშენებული ტყის ზონა თორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს არის წაღვერთან მიმდებარე სერი, სადაც ლოკალიზება უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავრცელდეს ცეცხლი, და ეს არის სოფელი დაბა, სადაც ნაკლები საშიშროებაა გამომდინარე იქიდან, რა დინამიკაც ჩვენ გვაქვს ამ მომენტში. ამ სამივე ფრონტზე ცოცხალი ძალაც ორგანიზებულია, ტექნიკა არის მობილიზებული, უკვე ადგილზეა ის ბულდოზერები, რომლებიც გაიყვანენ გზებს… ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ამ მომენტში სიტუაციას, დილისთვის ვემზადებით. დილამდე ვიმუშავებთ ტექნიკის  საშუალებით, დილას ყველა შესაძლო საშუალებით ერთდროულად შევუტევთ სამივე ფრონტიდან. ,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, სახანძრო-სამაშველო სამუშაოებში მოხალისეების ჩართვის საჭიროება არ არსებობს:

“არანაირი საჭიროება იმისა, რომ ცოცხალი ძალა, მოხალისეები, მოვიდა ინფორმაცია, რომ აპირბენ ჩამოსვლას, ამის საჭიროება არ არსებობს.  ბაკურიანში დამსვენებლებს არაფერი არ ემუქრებათ და ხაზგასით მინდა ვთქვა, რომ იქიდან დამსვენებლებმა არ ინერვიულონ იმიტომ, რომ იქითკენ გავრცელების საშიშროება არ არსებობს და ასევე, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს,”- განაცხადა მან.

კვირიკაშვილის თქმითვე, მთელი ღამის განმავლობაში კომუნიკაციაში არიან მეზობელ ქვეყნებთან და მაქსიმალური დახმარება იქნება მათი მხრიდან. კვირიკაშვილის თქმითვე,  ტექნიკის რაოდენობა დილით დაზუსტდება.

როგორც უკვე გახდა ცნობილი, თურქული მხარე საქართველოს ხანძრის ჩასაქრობად ორ ვერტმფრენს გამოუგზავნის, ერთი ვერტმფრენი კი უკვე გამოგზავნა აზერბაიჯანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი