ახალი ამბები

შიმშილობის მე-7 დღე – რკინიგზელები აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ

21 აგვისტო, 2017 • 3001
შიმშილობის მე-7 დღე – რკინიგზელები აქციის შეწყვეტას არ გეგმავენ

“საქართველოს რკინიგზის” შენობის წინ რკინიგზელები და რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენლები შიმშილობის აქციას აგრძელებენ. ისინი უკვე ერთი კვირაა მოითხოვენ სამუშაო ადგილზე, გურჯაანში დააბრუნონ რკინიგზელი უჩა ხვთისიაშვილი და თანამდებობიდან გადადგნენ რკინიგზის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი რაოდენობა დღეიდან უკვე 20-ს გადააჭარბებს.

მათთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით დღეს სოლიდარობის აქციაც გაიმართა, სადაც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ადმინისტრაციას, გაითვალისწინონ გაფიცულთა მოთხოვნები და აწარმოონ მოლაპარაკება. საქართველოს რკინიგზაში კი აცხადებენ, რომ მოთხოვნები, რომლებსაც რკინიგზელები აყენებენ, არსებული შრომითი ხელშეკრულებით ისედაც დაკმაყოფილებულია. რაც შეეხება ხვთისიაშვილს, მას ხვალ საბოლოო დოკუმენტს გაუგზავნიან, რომლის თანახმადაც, მას ექნება როგორც საცხოვრებლი, ასევე- ტრანსპორტი. მაგრამ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირებში ამ განცხადებების არ სჯერათ.

“თუ სიმართლეა, რასაც აცხადებენ, გააფორმონ შესაბამისი დოკუმენტაცია. ხელი მოეწეროს შესაბამის ხელშეკრულებას, რომ ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან იმ მოთხოვნებით, რაც მათ აქვთ,” – აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების პრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე.

შიმშილობის აქცია 15 აგვისტოდან იმართება.  ის თავდაპირველად სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო ორმ რკინიგზელმა დაიწყო, რომლებიც ადმნისტრაციის გადაწყვეტილებით გურჯაანიდან მარნეულში გადაიყვანეს სამუშაოდ. ისინი აცხადებდნენ, რომ ხელშეკრულებებს განმარტების გარეშე, მოტყუებით მოაწერეს ხელი და მასში სამუშაოს ადგილმონაცვლეობაზე არაფერი იყო ნათქვამი. ისინი სამუშაო ადგილზე გადასასვლელად ტრანსპორიტითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. ამის შემდეგ რკინიგზამ მედიას ის საცხოვრებელი დაათვალიერებინა, რომელსაც რკინიგზელებს სთავაზობდნენ და განაცხადეს, რომ გაფიცულების მოთხოვნები შესრულდა და მათ შეეძლოთ მუშაობა იმ დღესვე განეახლებინათ.

რკინიგზელები შიმშილობის აქციას აგრძელებნ 21.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რკინიგზელები შიმშილობის აქციას აგრძელებნ 21.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მესამე დღეს რკინიგზელებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები შეურთდნენ და შენობის წინ 8 ადამიანი შიმშილობდა. რკინიგზაში შემდეგ განაცხადეს, რომ აქცია პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ამის შემდეგ შიმშილობის აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ დატოვონ თანამდებობები და შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები. მაგრამ შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ შემდგარა. ისინი ასევე ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მოშიმშილეს რკინიგზელ, ვახტანგ ციხკარიშვილს, რომელმაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვეღარ შეძლო პროტესტის გაგრძელება, ზეწოლის შედეგად მოაწერინეს ხელი განახლებულ სამუშაო პირობებზე. ცისკარიშვილი ნეტგაზეთის ზარებს არ პასუხობს.

შიმშილობის აქციას შეუერთდნენ რკინიგზელები სხვადასხვა რეგიონიდანაც, მათ შორის: აჭარიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან. მათი განაცხადებით,  ზოგიერთ მათგანს დაურეკეს და უთხრეს, რომ აქციაზე არ წასულიყვნენ.

“ვუერთდებით მოშიმშილეთა მოთხოვნებს და ჩვენც ვიწყებთ დღეიდან შიმშილობას. მათ აქვთ სამართლიანი მოთხოვნები. დარღვევები მუდამ არის რკინიგზაში, რომელსაც არავინ აკონტროლებს. ჩვენ გვინდა, რომ მუშები აღარ დაიჩაგრონ და ამიტომ ვართ აქ. შრომითი უფლებები ირღვევა სხვადასხვაგვარად. ყოველდღიურად ირღვევა მუშა-მოსამსახურეების უფლებები. აღარ გვაძლევენ დამანამტებს და ა.შ,” – აცხადებს ზაზა ანანიძე აჭარის სალიანდაგო დისტანციიდან.

რკინიგზელები შიმშილობის აქციას აგრძელებნ 21.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

რკინიგზელები შიმშილობის აქციას აგრძელებნ 21.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დღეს გამართულ სოლიდარობის აქციაზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილიც მივიდა. მან რკინიგზელებს სთხოვა, რომ შეწყვიტონ შიმშილობა, რადგან ეს შედეგს ვერ გამოიღებს. ასევე სახელმწიფოს 2 დღის ვადა მისცა, რათა დაინტერესდნენ საქართველოს რკინიგზაში განვითარებული მოვლენებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული პროფკავშირები დატოვებენ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას. ამ ფორმატში გაერთიანებულია მთავრობა, დამსაქმებელთა წარმომადგენლები და პროფესიული კავშირები. კომისია განიხილავს შრომის კოდექსთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

“თუ საქართველოს მთავრობა არ გაემიჯნება ან რაიმე ქმედით ნაბიჯს არ გადადგამს იმ ბინძურ კამპანიასთან დაკავშირებით, რასაც ეწევა საქართველოს რკინიგზა თავის დასაქმებულებთან მიმართებაში, ორგანიზაციის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, ამ აქციისა და გაფიცვის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით.

არსებობს პროტესტის სხვა ფორმები და იმას უნდა მივმართოთ, რათა საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე არ გავაბედნიეროთ რკინიგზის ადმინისტრაცია,” – აცხადებს პეტრიაშვილი და სხვა ფორმატის მასშტაბურ აქციას არ გამორიცხავს.

საქართველოს რკინიგზაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონის თბილისი-სადახლოს სარკინიგზო მიმართულებაზე გაზრდილი დატვირთვის გამო გადაიყვანეს თანამშრომლები და საქართველოს რკინიგზაში საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის ფილიალში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად  800-დან 200-მდე შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა. ეს თანამშრომლები რკინიგზამ სამსახურიდან არ გაათავისუფლა და შესთავაზა მათ ალტერანტიული სამუშაო. ნანა კლარჯეიშვილი, საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის ფილიალის იურიდიული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ შეთავაზება წინასწარი შეთანხმების საფუძველზე მოხდა და რეორგანიზაციას თანამშრომლები წინასწარ წერილობით დათანხმდნენ.

“რეორგანიზაცია შეეხო 1429 თანამშრომელს და მათგან მხოლოდ ხვთისიაშვილია წინააღმდეგი.

სამართლებრივად საკითხი მოგვარებულია, შესაბამისი პირობებით როგორც სხვა თანამშრომლები, ისევე ბატონი უჩაც უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი პირობებით და მას პროტესტის საფუძველი არ აქვს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თანამშრომლობისკენ,” – აცხადებს კლარჯეიშვილი.

უჩა ხვთისიაშვილი ამ დრომდე ოფიციალურად საქართველოს რკინიგზის თანამშრომელია. მას რამდენჯერმე გაუგზავნეს გაფრთხილემა, რომ გამოცხადდეს სამსახურში. როგორც რკინიგზაში ამბობენ, თუ კიდევ არ გაითვალისწინებს მოწოდებას, მას გაათავისუფლებენ.

რაც შეეხება ვახტანგ ცისკარიშვილზე შესაძლო ზეწოლას, რკინიგზაში აცხადებენ, რომ მან თავად მოაწერა ხელი ხელშეკრულებას და გამოჯანმრთელების შემდეგ დაბრუნდება სამსახურში.

მოშიმშილეებს ამ დრომდე არ ეძლევათ კარვის გაშლის საშუალება და აქციას ღია ცის ქვეშ აგრძელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი