ახალი ამბები

ძლიერი ქარის გამო, სოფელ დაბაში ხანძარი გაძლიერდა [ფოტო/ვიდეო]

21 აგვისტო, 2017 • 3566
ძლიერი ქარის გამო, სოფელ დაბაში ხანძარი გაძლიერდა [ფოტო/ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბოლო (20:00) მონაცემებით, ძლიერი ქარის გამო სოფელ დაბაში ხანძარი გაძლიერდა, რაც ხელს უშლის მეხანძრეებს მის ლიკვიდირებაში. ცეცხლის ჩაქრობას 250-მდე მეხანძრე–მაშველი, ადგილობრივები და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ერთი თვითმფრინავი ცდილობს, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი ჯერ არ ჩაფრენილა ბორჯომის რაიონში. მოსახლოება შიშობს, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებთან ჩააღწევს, რის გამოც დამსვენებელთა ნაწილი ტოვებს ტერიტორიას.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო გვაცნობებს, მეხანძრე-მაშველების რაოდენობა 250-მდე გაიზარდა, ასევე შევიდა შესაბამისი ტექნიკა.

“სრული დატვირთვით მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხანძარი დროულად ჩავაქროთ. ამ დრომდე მუშაობს ვერტმფრენიც. დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. ველოდებით ვერტმფრენს აზერბაიჯანიდანაც,” – გვაცნობეს საგანგებოდან.

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, 20 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ძლიერი ქარისა და რთული რელიეფის გამო სწრაფად გავრცელდა, რის შედეგადაც უკვე დაიწვა 5 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი