ახალი ამბები

სტრასბურგში გასამართ შეხვედრამდე ოპოზიცია უმრავლესობას მოთხოვნებს წერილობით უგზავნის

21 აგვისტო, 2017 • 1520
სტრასბურგში გასამართ შეხვედრამდე ოპოზიცია უმრავლესობას მოთხოვნებს წერილობით უგზავნის

მორიგი წერილი, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ პარტიას უნდა გაუგზავნონ, უკვე მზადაა, თუმცა ჯერჯერობით საჯარო არ არის.   ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში დღეს, 21 აგვისტოს შეიკრიბა.

როგორც დღეს გამართული კონსულტაციების ერთ-ერთმა მონაწილემ, პარტიის “სახელმწიფო ხალხისათვის” ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, წერილში საუბარია ორ მთავარ პრინციპზე:

“შეთანხმებულია ორი ძირითადი პრინციპი, რაც არის პროპორციული საარჩევნო სისტემა სამართლიანი გადანაწილების პრინციპით 2020 წელს და ასევე, საქართველოს პრეზიდნეტის არჩევის პირდაპირი და საყოველთაო წესის დატოვება,”- განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

მაჭუტაძის განმარტებით, მხოლოდ ამ ორ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი დიალოგი უმრავლესობასთან სხვა საკითხებზე.  მისივე თქმით, ჯერჯერობით 10 პოლიტიკური პარტია, მათ შორის, “ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” უერთდება ამ წერილს, დანარჩენ პარტიებთან კი მუშაობის პროცესი მიმდინარეობს. მაჭუტაძის თქმით, ეს კონსულტაციები დასასრულს უახლოვდება და წერილი უმრავლესობას დღეს ან ხვალ, 22 აგვისტოს გაეგზავნება.

თბილისში მიმდინარე კონსულტაციები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წინ უძღვის 6 სექტემბერს, სტრასბურგში, ვენეციის კომისიის ორგანიზებით საკონსტიტუციო ცვლილებებზე გასამართ შეხვედრას.

როგორც ვენეციის კომისია, ასვე ადგილობრვი არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ ფართო კონსენსუსი უნდა იყოს, თუმცა კონსტიტუციის პროექტი ორი მოსმენით მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღეს. სწორედ ფართო კონსენსუსის მიღების მიზნით, 6 სექტემბერს ვენეციის კომისიის ორგანიზებით ხელისუფლება და  ოპოზიციური პარტიები შეხვდებიან ერთმანეთს.

თბილისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პირველი დიალოგი 18 აგვისტოს გაიმართა. სწორედ ამ შეხვედრაზე შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას საკუთარი მოთხოვნების წერილობით მიწოდება, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება და ხელისუფლებამ მათი მოთხოვნები იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი