ახალი ამბები

საგანგებო: თეთრი კვამლის ავარდნა ნიშნავს, რომ ხანძარი ქრება

21 აგვისტო, 2017 • 3453
საგანგებო: თეთრი კვამლის ავარდნა ნიშნავს, რომ ხანძარი ქრება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები მეორე დღეა ცდილობენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიცაა ჩართული, თუმცა ძლიერი ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლის სრულად ჩაქრობა ვერ ხერხდება. დამსვენებლები შიშობენ, რომ შესაძლოა ძლიერმა ქარმა ხანძრის ახალ კერებზე გავრცელება გმაოიწვიოს, სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოებიც, სადაც დამწვარი ტყე და ძლიერი კვამლი ჩანს.

21.08.17 ფოოტ: ნუცა სუბელიანი

21.08.17 ფოტო: ნუცა სუბელიანი

როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი, რომელიც 5 ჰექტარ ტერიტორიას მოედო, ლოკალიზებულია. თეთრი კვამლი კი იმის მანიშნებელია, რომ ხანძარი არ ძლიერდება და ის ჩაქრობისკენ მიდის.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო apa.az -ის ცნობით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად საქართველოში აზერბაიჯანული ვერტმფრენიც გამოგზავნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით,   ხანძარი ბორჯომში 20 აგვისტოს გაჩნდა, [ 21 აგვისტოს 10:00 საათისთვის] სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია 200-მდე სახანძრო მაშველი, დილიდან კი ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა. სააგენტოს ცნობით, სოფელ ყვიბისიდან გაჭრილი აქვთ გზა, საიდანაც სახანძრო სამაშველო ტექნიკის შეყვანა შეძლეს.

21.08.17 ფოოტ: ნუცა სუბელიანი

21.08.17 ფოტო: ნუცა სუბელიანი

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბის ტერიტორიაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაიბომბა, 20 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე გაჩნდა ხანძარი. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ძლიერი ქარისა და რთული რელიეფის გამო ცეცხლი სწრაფად გავრცელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი