ახალი ამბებიხელოვნება

ნაგავსაყრელი პანტომიმის თეატრთან, რომელსაც წლებია არ/ვერ ასუფთავებენ [ფოტო]

21 აგვისტო, 2017 • 6720
ნაგავსაყრელი პანტომიმის თეატრთან, რომელსაც წლებია არ/ვერ ასუფთავებენ [ფოტო]

პანტომიმის თეატრსა და რესტორან “ხინკლის სახლს” შორის არსებული შიდა ეზო წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად არის ქცეული, ხოლო ამ ადგილის საკუთრების საკითხზე სასამართლო დავის გამო თბილსერვისი ტერიტორიას არ/ვერ ასუფთავებს.

ეზოს, რომლიშიც მხოლოდ შენობების გავლით არის მოხვედრა შესაძლებელი, მსახიობები იყენებდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ადგილი სამეზობლოს ნაგავსარელად იქცა. ეზოში იმდენად მძაფრი და საშინელი სუნია, პირბადის გარეშე, რამდენიმე წუთით გაჩერებაც კი შეუძლებელია. თეატრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არსებობს ინფექციის გავრცელების რისკი, ხოლო მათ შენობაში უკვე შეაღწიეს ტკიპებმა და ტარაკნებმა.

ნაგავსაყრელი ისტორიულ შენობაში. ხედი რესტორნის ფანჯრიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნაგავსაყრელი ისტორიულ შენობაში. ხედი რესტორნის ფანჯრიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

როგორც პანტომიმის თეატრის დირექტორი, ამირან შალიკაშვილის (ჯუნიორი) ამბობს, თეატრს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ საკუთარი სახსრებით გაწმინდოს ტერიტორია, ხოლო თბილსერვის ჯგუფში განმარტავენ, რომ სასამართლო დავის დასრულებამდე ტერიტორიის გაწმენდაში დახარჯული ფული, შესაძლოა, შემდეგ სახელმწიფო სახსრების უკანონო გამოყენებად ჩაეთვალოთ და ამით კანონი დაარღვიონ.

შიდა ეზოს გარშემო განთავსებულია პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, საცხოვრებელი კორპუსი და რესტორან “ხინკლის სახლის” სამზარეულო, რომელსაც ამ ადგილის საკუთრებაზე პრეტენზია არ აქვს, მაგრამ მზადაა საკუთარი ხარჯებით დაასუფთავოს ტერიტორია. რესტორნის ფინანსური დირექტორი, ზურაბ ჯანუაშვილი ამბობს, რომ რესტორანი დაინტერესებულია ნაგვის გატანითა და ტერიტორიის დეზინფექციით, რის გამოც თითქმის ყოველკვირა უკავშირდება თბილისის მერიას, თბილსერვის ჯგუფს და სურსათის უვნებლობის სააგენტოსაც, თუმცა მასაც არ ეძლევა ამის შესაძლებლობა.

რესტორნის სამზარეულოს ფანჯარა დანაგვიანებულ ეზოს ესაზღვრება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

რესტორნის სამზარეულოს ფანჯარა დანაგვიანებულ ეზოს ესაზღვრება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პანტომიმის თეატრის დირექტორის თქმით, 1990–იან და 2000-იან წლებში ორჯერ გაწმინდეს ეს ადგილი, აქ იყო თეატრის მსახიობებითვის ძალიან ლამაზი ეზო. შენობის შიდა მხარეს ახლაც სარეპეტიციო დარბაზებია, სადაც ეს სიბინძურე და სუნი შედის, ხოლო მეორე მხარეს- აუთვისებელი ფართები, სადაც მსახიობებს სურვილი აქვთ, რომ ასევე იყოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი.

გამოუყენებელი ფართი, რომელიც პანტონიმის თეატრს სურს, რომ მიიერთოს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გამოუყენებელი ფართი, რომელიც პანტომიმის თეატრს სურს, რომ მიიერთოს. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არაერთხელ მივმართე სახელმწიფო სტრუქტურებს, ვისაც დასუფთავება ეხება. მიზეზად ამბობენ, რომ არ არის იურიდიულად დარეგისტრირებული და ჩვენივე შემოსავლით ვერ ვიხდით თანხებს ნაგვის გასატანად. ამის მიუხედავად, თან ამბობენ, რომ მიუდგომელი ადგილია. ასევე ამბობენ, რომ არის სადავო საკითხი [საკუთრებაზე]. მე არ წარმომიდგენია, რომ ისტორიულ ძეგლში, შუაგულ რუსთაველზე ასეთი სიბინძურე იყოს. ამიტომ ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი ქვეყნის. ჩემი სირცხვილიც არის, როგორც თეატრის მენეჯერის, რომ ვერ ვპატრონობ მსახიობებს ამ ანტისანიტარიისგან. რამდენჯერმე მივმართე, რომ გავიტან ჩემი თანხებით, მაგრამ ესეც არ გამოდის; თეატრს ფინანსურად ისედაც არ აქვს კარგად საქმე და მგონი, გლობალურად კულტურას აქვს პრობლემა. აქედან გამომდინარე, რაღაცაც რომ მოვინდომოთ, ძვირი ჯდება. კი ბატონო, მსახიობები მოვინდომებთ, რომ ჩვენით გავიტანოთ, მაგრამ რაღაც ხელშეწყობაცაა საჭირო,” – ამბობს შალიკაშვილი.

გამოუყენებელი ფართი, რომელიც პანტონიმის თეატრს სურს, რომ მიიერთოს. ამ ადგილიდან შესაძლებელია ამჟამად დანაგვიანებულ ეზოში გასვლაც. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გამოუყენებელი ფართი, რომელიც პანტომიმის თეატრს სურს, რომ მიიერთოს. ამ ადგილიდან შესაძლებელია ამჟამად დანაგვიანებულ ეზოში გასვლაც. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თეატრის დირექტორი რესტორნის პასუხისმგებლობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მათ აქვთ ტერიტორიის დასუფთავებისთვის საკმარისი შემოსავალი, თუმცა ამ საკითხზე პირადად “ხინკლის სახლის” ხელმძღვანელებთან არ უსაუბრია, რომელიც მზადაა ფინანსურად დაეხმაროს მათ. რესტორნის ფინანსური დირექტორი ჩვენი თანდასწრებით კიდევ ერთხელ ესაუბრა თბილსერვისის წარმომადგენელს, რომელიც ტერიტორიის დასასუფთავებლად ადგილზე შეუსვლელობის მიზეზად კვლავ თეატრსა და კერძო პირს შორის სასამართლო დავას ასახელებდა.

საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც რესტორანსა და პანტონიმის თეატრს ესაზღვრება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც რესტორანსა და პანტომიმის თეატრს ესაზღვრება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთმა დანაგვიანებული ეზოს ფოტოები შპს მარისის (ხინკლის სახლის) ფანჯრიდანაც გადაიღო, რომელსაც ფაქტობრივად საცხოვრებელი კორპუსი ესაზღვრება. აღნიშნულმა რესტორანმა ეს ფართი ორი წლის წინ შეიძინა, თუმცა ამ ადგილას მანამდეც სახინკლე ფუნქციონირებდა. “ხინკლის სახლის” ხელმძღვანელები ამბობენ, რომ მათი თვალით აქვთ ნანახი, როგორ ყრიან აივნიდან და ფანჯრებიდან ნაგავს. რესტორნის ფინანსური დირექტორი, ზურაბ ჯანუაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ადგილზე დამონტაჟდეს სათვალთვალო კამერები, სადაც გამოჩნდება, ვინ ანაგვიანებს მომიჯნავე ეზოს.

თბილისის ცენტრში, ერთ–ერთ ისტორიულ შეონბაში ნაგავსაყრელია. საცხოვრებელი კორპუსი – ხედი დანაგვიანებული შიდა ეზოდან. გამოუყენებელი ფართი, რომელიც პანტონიმის თეატრს სურს, რომ მიიერთოს. დანაგვიანებული სადავო ეზო რესტორნის, თეატრისა და საცხოვრებელი კორპუსის შიგნით. ხედი პანტონიმის თეატრის დირექტორის კაბინეტიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

თბილისის ცენტრში, ერთ–ერთ ისტორიულ შეონბაში ნაგავსაყრელია. საცხოვრებელი კორპუსი – ხედი დანაგვიანებული შიდა ეზოდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პანტომიმის თეატრის დირექტორის თქმით, თბილსერვის ჯგუფის წარმოამდგენლები რამდენჯერმე იყვნენ მისული და ადგილზე ითათბირეს ნაგვის გატანასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გადის თვეები, თუმცა სიტუაცია უკეთესობისკენ არ იცვლება:

“იმისდა მიუხედავად, რომ გვიჭირს, უნდა მოვუარო ჩემს თეატრს და გავუფრთხილდე მსახიობებს. აქედან გამომდინარე, მაქვს გეგმაში, ჩვენ თვითონვე გავიტანოთ. უბრალოდ, აქ შეიძლება სხვა მხარეც აქვს ამას: რადგან არის პრობლემატური შენობა და არ ვთმობთ იმას, რაც ეკუთვნის პანტომიმის სახელმწიფო თეატრს, შეიძლება, გამიზნულადაც არის ამ ადგილას დატოვებული ნაგავი ინვესტორებისგან და ა.შ. კონკრეტულად ხელს ვერავის დავადებ. უბრალოდ, ვეცდები, რომ დავასუფთავო, მაგრამ ეს არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება. ამიტომ ყველას მივმართავ და ვთხოვ, ჩაერთონ დასუფთავების პროცესში. ერთ–ერთ სპექტაკლზე მაყურებლებმა ერთხმად თქვეს, რომ ჩვენ თვითონ ჩამოვალთ და დაგეხმარებით – ჩვენი ხელით გავიტანთო. რეალურად, საზოგადოება თუ მხარს უჭერს ამ ყველაფერს, ამ პრობლემის მოგვარება ხომ ძალიან მარტივია; თან გვარდება სახელმწიფო თეატრის პრობლემა და არა ჩემი კერძო საკუთრების. ეს არის ჩვენი ქვეყანა და თბილისის ცენტრში ამის დატოვება არის სამარცხვინო. იმედია, თბილისის მერია მიიღებს რაღაც ზომებს და მოგვაშორებს ამ ნაგავს.”

საცხოვრებელი კორპუსი – ხედი დანაგვიანებული შიდა ეზოდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

საცხოვრებელი კორპუსი – ხედი დანაგვიანებული შიდა ეზოდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

1927 წლიდან ამ შენობაში და ტერიტორიაზე მოზარდ–მაყურებლის თეატრი ფუნქციონირებდა, ხოლო 1985 წლიდან პანტომიმის სახელობის თეატრი ფუნქციონირებს. შენობის ნაწილი წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, თუმცა, როგორც ამირან შალიკაშვილი ამბობს, შემდეგ დააზუსტეს და დაამტკიცეს, რომ 1990–იანი წლების საბუთებით 1260 კვ.მ. ისევ თეატრის ბალანსზეა. მისი თქმით, ეს აუცილებლად უნდა გატარდეს რეესტრში. თეატრის ხელმძღვანელი ეკონომიკის სამინისტროს პასუხს ელოდება აღნიშნული ფართის დაბრუნების საკითხზე.

ამის შემდეგ უკვე ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ გავარემონტებთ ამას და როგორ იცოცხლებს აქ თეატრი. ამ ტერიტორიაზე ისტორიულად თეატრი იყო ყოველთვის და ეს ის ფართია, რომელიც პანტომიმის სახელმწიფო თეატრის არის და ამას არ დავთმობთ არანაირად იმიტომ, რომ აქ უნიკალური თეატრი იქნება მომავალში.

დანაგვიანებული სადავო ეზო რესტორნის, თეატრისა და საცხოვრებელი კორპუსის შიგნით. ხედი პანტონიმის თეატრის დირექტორის კაბინეტიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დანაგვიანებული სადავო ეზო რესტორნის, თეატრისა და საცხოვრებელი კორპუსის შიგნით. ხედი პანტომიმის თეატრის დირექტორის კაბინეტიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი