ახალი ამბები

“საქართველოს რკინიგზის” წინ შიმშილობის აქციაში უკვე 20 ადამიანი მონაწილეობს

21 აგვისტო, 2017 • 2165
“საქართველოს რკინიგზის” წინ შიმშილობის აქციაში უკვე 20 ადამიანი მონაწილეობს

დღეს “საქართველოს რკინიგზის” შენობის წინ კიდევ ერთი აქცია გაიმართება რკინიგზელებისადმი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით.

ერთ-ერთი რკინიგზელი და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის კიდევ 7 წევრი უკვე ერთი კვირაა შიმშილობის აქციას აწყობს ამავე შენობასთან. მათ დღეს კიდევ შეურთდათ 12 ადამიანი. ისინი აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შიმშილობის აქცია უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ისინი მოითხოვენ, რომ დაბრუნდნენ თანამშრომლები სამსახურში, საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვასილ ხორავამ დატოვონ თანამდებობები და შესრულდეს წინა გაფიცვების შედეგად მიღწეული შეთანხმებები. თუმცა საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო რკინიგზელს, უჩა ხვთისიაშვილს შეუძლია სამუშაოს დღესვე დაუბრუნდეს და მას უზრუნველყოფენ საცხოვრებლითა და ტრანსპორტით, რის მოთხოვნასაც რკინიგზელები აყენებდნენ. მაგრამ შეთანხმება მხარეებს შორის ამ დრომდე არ შემდგარა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ შიმშილობის აქცია პოლიტიკურად მოტივირებულია.

ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში კარვის გაშლასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელზე რკინიგზელებს განჩინება ჩაბარდათ, რომლითაც დადგინდა ხარვეზი საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის საჯარო რეესტრიდან განახლებული ამონაწერის წარდგენის მოთხოვნით.

17 აგვისტოს საქართველოს რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა და უჩა ხვთისიაშვილმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა საინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს:

  1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარატმენტის 2017 წლის 15 აგვისტოს ქმედების უკანონოდ ცნობა, რომლითაც მოსარჩელეებს შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციის წინ კარვის განთავსების საშუალება;
  2. მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა და მოსარჩელეებისთვის, აქციის მონაწილეებისთვის, საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის წინ კარვის დადგმის საშუალების მიცემა.

“მაშინ, როდესაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312–ე მუხლის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს მონაცემთა უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია და, შესაბამისად, არ არსებობდა ხარვეზის დადგენის წინაპირობა.

საგულისხმოა ისიც, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს განჩინების თაობაზე მხოლოდ 21 აგვისტოს გვეცნობა, მაშინ, როდესაც სარჩელის შეტანის მომენტიდან სისტემატურად ვუკავშირდებოდით მოსამართლის თანაშემწეს და ნებისმიერ დროს მზად ვიყავით ჩაგვებარებინა ის,” – აცხადებენ პროფკავშირში.

აქციის მონაწილეები კარვის ნაცვლად მანქანაში გაათევენ ღამეს. ფოტო: საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

აქციის მონაწილეები კარვის ნაცვლად მანქანაში გაათევენ ღამეს. ფოტო: საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

ვრცლად ინფორმაციას შიმშილობის აქციის შესახებ გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი