ახალი ამბებიეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.1%-იანი ზრდა – ეკონომისტების შეფასებები

21 აგვისტო, 2017 • 4107
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 0.1%-იანი ზრდა – ეკონომისტების შეფასებები

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახლახან გამოაქვეყნა დაზუსტებული მონაცემები 2016 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, რომლის მიხედვითაც  წინა წელთან შედარებით ზრდა მხოლოდ 0.1 %-ია.  2016 წელს საქართველოში  სულ  $1.56 მილიარდი აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ასეთი მცირე ზრდის მიზეზებზე “ნეტგაზეთი” ეკონომისტ ირაკლი ყიფიანს ესაუბრა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანას მნიშვნელოვანი რესურსები არ გააჩნია, ერთადერთს, რაც ინვესტორებს სახელმწიფო სთავაზობს, პირადი საკუთრების დაცვის უზრუნველყოფაა. ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ  საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადებები, სადაც უცხოელ ინვესტორებზე განხორციელებული გარკვეული სახის ზეწოლაზე იყო საუბარი, უარყოფითი გზავნილი იყო და ქვეყნის იმიჯზე ნეგატიურად აისახა.

ირაკლი ყიფიანი“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტიმული უნდა იყოს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციები და ამისთვის ქვეყანა უნდა ატარებდეს სასამართლო რეფორმას. საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს. მეტად აგრესიული კამპანიაა საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად. ინვესტიციებს სჭირდება სტაბილური პოლიტიკური და ბიზნესგარემო. ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა არ  მიმდინარეობს და ასეთი მცირე ზრდის მიზეზიც სწორედ ეს არის. არა მარტო 2015-2016 წლებში, არამედ მთელი წლების განმავლობაში ვართ საშულო ნიშნულზე. ინვესტიციების კუთხით მნიშვნელოვანი გარღვევა არ გვქონია. ეს პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიო  ინვესტორებისთვის საინვესტიციოდ საინტერესო არ არის. საჭიროა ხისტი სასამართლო რეფორმა, რათა საკუთრების უფლება ინვესტორს დაცული ჰქონდეს,” -აცხადებს ირაკლი ყიფიანი.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველად უცხოური ინვესტორებისთვის  კვლავ  ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა რჩება, აქ 2016 წელს 671 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. მეორე  ადგილს მშენებლობის დარგი იკავებს – 129.5 მლნ აშშ დოლარით და საფინანსო სექტორი -129 მლნ აშშ დოლარით.

ენერგეტიკის სექტორში 2016 წელს  ინვესტიციების მოცულობა 5%-ით შემცირდა და მან $117 მლნ  აშშ დოლარი შეადგინა.

ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებაზე საუბრისას ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ეს დარგი შედარებით სპეციფიკურია და ძირითადად დიდ პროექტებზეა დამოკიდებული.

“უცებ შესაძლოა დიდი ჰესის მშენებლობა დაიწყოს და მისი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში გაიზარდოს. ჩვენთვის მაინც ძირითადად რჩება შარშანაც და იმის წინა წელსაც “შაჰ დენიზ 2”-თან დაკავშირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ამიტომ არის ტრანსპორტის დარგი პირველ ადგილზე. წელს ამ პროექტიდან კიდევ უფრო ცოტა შემოვა და თუ სხვა სფეროებში მეტი ინვესტიცია არ მოვიზიდეთ, შეიძლება კლებაში წავიდეთ,”- აბობს ბესო ნამჩავაძე.

მკვეთრად შემცირდა ინვესტიციების მოცულობა საფინანსო სექტორშიც. თუ 2015 წელს სექტრომა პირდაპირი ინვესტიციით 178.6 მლნ აშშ დოლარი მიიღო, 2016 წელს ინვესტიციის რაოდენობამ 129.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ირაკლი ყიფიანი საფინანსო სფეროში გასულ წელს გატარებულ რეგულაციებს ცალსახად უარყოფითად აფასებს, თუმცა იქონია თუ არა უარყოფითი გავლენა, მაგალითად, ლარიზაციამ ინვესტიციების კუთხით, ამაზე ეკონომისტს პასუხის გაცემა უჭირს.

“რაც შეეხება საფინანსო სფეროს, ამ მიმართულებით 2016 წელს რამდენიმე რეგულაცია იყო მიღებული. ერთი გახლდათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართულებით, ასევე, სესხის ჭერის დადგენა და ონლაინ სესხებისთვის ახალი რეგულაციების შემოტანა. ასეთი რეგულაციები ფინანსური სექტორის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება და ამას ნეგატიური გავლენა ექნება მომავალშიც. ასევე 2017 წელს ჩვენ გვქონდა მთავრობის მიერ დაანონსებული ლარიზაციის გეგმა. ეს პოზიტიური გზავნილი ფინანსური სექტორისთვის არ იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური სექტორი ფულის მოზიდვას ახდენდა უხოურ ვალუტაში უცხოეთიდან. მოთხოვნაც შესაბამისად იყო უცხოურ ვალუტაზე. მთავრობის ამგვარი ხელოვნური ჩარევა ფინანსურ სექტორზე პოზიტიურად არ აისახებოდა, თუმცა ამ რეგულაციების  წილი ინვესტიციების შემცირებაში არის თუ არა – ამას ვერ გეტყვით”,-ამბობს ირაკლი ყიფიანი.

ეკონომისტ ბესო ნამჩავაძის თქმით,  2016 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა (1.5 მილიარდი დოლარი) ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ მცირედით, თუმცა 2015 წელთან შედარებით ზრდა გვაქვს.

ბესო ნამჩავაძე © ნეტგაზეთი

ბესო ნამჩავაძე © ნეტგაზეთი

“ინვესტიციების კუთხით წარუმატებელ წელს ვერ დავარქმევ, კლება მაინც არ გვქონია, თუმცა ჩვენ ყოველ წელს მეტი და მეტი ინვესტიცია გვჭირდება, რადგან საქართველოს ეკონომიკა 2-3 %-ით იზდება. იმავე ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად უფრო მეტი ინვესტიციაა საჭირო.

საფინანსო სფეროში არსებულ კლების რამდენიმე მიზეზზე საუბრობს ბესო ნამჩავაძე. მისი თქმით, გავლენა იქონია “სოსიეტე ჟენერალის” მიერ ქართული ბაზრის დატოვებამ, სექტორში ფული ძირითადად საბანკო სფეროში აქციების, ანუ ამ სფეროსთვის უფრო პორთფელური სახის ინვესტიციებია დამახასიათებელი.

2016 წელსაც ინვესტიციების კუთხით კვლავაც აზერბაიჯანი ლიდერობს- 558 მლნ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა თურქეთი- 203.5 მნლ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს 118.8 მლნ აშშ დოლარით.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 56.2% შეადგინა.

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში მოხვდა ორი ოფშორული ზონაც -პანამა და ვირჯინიის კუნძულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი