ახალი ამბები

საიას ცნობით, თამარ ჟვანიას და ცესკოს წევრებს სასამართლო მოწმის სახით დაკითხავს

21 აგვისტო, 2017 • 1940
საიას ცნობით, თამარ ჟვანიას და ცესკოს წევრებს სასამართლო მოწმის სახით დაკითხავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, დღეს, 21 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ყველა ის პირი, რომლებიც 2016 წლის თებერვლის მდგომარებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო.

საქმე ეხება ცესკოს წინააღმდეგ “საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის” 18 წევრის სარჩელს. მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.

საიას ცნობით, მოსარჩელეები სასამართლოში დავობენ, რომ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის დროს ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად მათ არჩევაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით (პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით) უთხრა.

“ცესკომ მითითებულ კონკურსში ,,საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ არც ერთი წევრი არ შეარჩია. ამასთან, ის პირი, რომელმაც კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა პროფესიული კავშირი, არჩეულ იქნა კომისიის წევრად,”- აცხადებს საია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი