თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა არალეგალური იმიგრაციის საკითხზეც იმუშავებს

“დემოკრატიული მოძრაობისა” და “თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ეყოლება და ის კახა კუკავა იქნება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძე განაცხადა, ხოლო საკრებულოს თავმჯდონარის ერთიან კანდიდატად დიმიტრი ლორთქიფანიძე დასახელდა.

ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება საერთო კანდიდატის გარშემო და ყველა მათგანმა  საკუთარი კანდიდატი დაასახელა. თუმცა თვითონ ერთობლივ კანდიდატს დაასახელებენ და მათი ერთობა ღია იქნება სხვა პარტიებსათვის, გარდა პარტია ნაციონალური მოძრაობისა და “ქართული ოცნებისა”.

“ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ჩვენს ამომრჩეველს შევთავაზოთ რეალური არჩევანი. დღემდე საქართველოში წარმოდგენილი ყველა პარტია არის ერთი და იმავე იდეოლოგიის. სხვადასხვა ლიბერალური პარტიები, რომლებიც წარმოაჩენენ ყველაფერს ეროვნულს, როგორც ჩამორჩენილს და ცდილობენ მის მარგინალიზაციას უკანასკენლი ორი ათეული წლის მანძილზე. ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას შევთავაზოთ თანამედროვე ტიპის ეროვნული ძალა, ეროვნული პროგრამით, რომ ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდეს რეალური არჩევანი, არა ლიბერალურსა და ლიბერალურს შორის – არამედ ლიბერალურ და ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის,” – განაცხადა კუკავამ.

კახა კუკავას თქმით, ისინი უახლოეს დღეებში წარუდგენენ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას. მისი განცხადებით, პროგრამის საკითხებს შორის სხვა სფეროებთან ერთად იქნება ეკონომიკა და არალეგალური იმიგრაცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი