ახალი ამბებიეკონომიკა

ახალი ეკონომიკური მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთის განსუს პროვინციას შორის

21 აგვისტო, 2017 • 3972
ახალი ეკონომიკური მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთის განსუს პროვინციას შორის

დღეს თბილისში გამართული ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაა.

როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილე ნატო ჩიქოვანი აცხადებს, ისინი თავად დაეხმარებიან ორივე ქვეყნის წარმოამდგენლებს, დაამყარონ სანდო კონტაქტები:

“ეს დოკუმენტი იძლევა და ქმნის ძალიან დიდ პოტენციალს თანამშრომლობის განვითარებისთვის. საშუალება გვექნება ხელი შევუწყოთ ჩინურ და ქართულ კომპანიებს, მოიძიონ საიმედო და სანდო პარტნიორები, გაააქტიურონ კონტაქტები და გააღრმაონ თანამშრომლობა სექტორებში. ასევე ჩვენ მათ ვაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ,” – ნატო ჩიქოვანი.

ბიზნესფორუმზე საქართველოში 80-მდე ბიზნესმენი ჩამოვიდა ჩინეთის განსუს პროვინციიდან. ფორუმზე მათ საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და სამომავლო თანამშრომლობა განეხილათ. ფორუმზე წარმოდგენილი იყო 15-ზე მეტი სფერო, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, ფარმაცევტიკა, სამშენებლო ბიზნესი და ა.შ.

ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცეთავმჯდომარე ვუ ლისიას თქმით, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი ჩინური კომპანიებისთვის მიმზიდველია.

ფორუმზე მოეწყო პრეზენტაციები ბიზნესმენებისათვის საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი