ახალი ამბები

კალაძის დაპირებები საცობებთან დაკავშირებით – მორიგი ვიდეომიმართვა

20 აგვისტო, 2017 • 4033
კალაძის დაპირებები საცობებთან დაკავშირებით – მორიგი ვიდეომიმართვა

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ მორიგ წინასაარჩევნო ვიდეომიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც  ძირითადად საცობებთან დაკავშირებით ამახვილებს ყურადღებას.

სახელისუფლებო კანდიდატი მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, შემუშავდეს ტრანსპორტის განვითარების ერთიანი ხედვა. მისი თქმით, ასეთი ხედვის გარეშე მხოლოდ ერთ წერტილში, ლოკალურად მოგვარებული პრობლემა კვლავ იჩენს თავს და გადაინაცვლებს სხვა ადგილას.

“ჩემი მერობის პირობებში შეიქმნება სატრანსპორტო სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება ქალაქის ურბანულ განვითარებაში. სწორედ ამ სტრატეგიის გათვალისწინებით მოხდება სამშენებლო ნებართვების გაცემა, რათა ქაოტურმა მშენებლობებმა არ დაახშოს ქალაქსი სატრანსპორტო არტერიები. მოხდება ახალი ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, არსებული სამარშრუტო ხაზების გადახედვა და ახალი მიკროავტობუსების დამატება. თბილისის რკინიგზის ტერიტორიის გამოთავისუფლება და მისი ქალაქის ინტერესებისათვის გამოყენება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება კი ნიშნავს, რომ მისი მომსახურებით მეტი ხალხი სარგებლობს და ინდივიდუალურული ტრანსპორტის საჭიროება, რა თქმა უნდა, ნაკლები იქნება, რაც მნიშვნელოვანია როგორც ეკოლოგიისთვის, ასევე ქალაქის საცობებისგან გასათავისუფლებად,” – ამბობს კახა კალაძე წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში.

როგორც კალაძე აცხადებს, მერად არჩევის შემთხვევაში, საცობებისგან განტვირთვის მიზნით, ასევე დაიგეგმება თანამედროვე ტექნოლოგიები: სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მუდმივ რეჟიმში მოხდება თბილისის ქუჩების მონიტორინგი, გადატვირთული წერტილების გამოვლენა და მათი გადაჭრის ოპტიმალური გზების დასახვა. მე მგონია, რომ მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომის შემთხვევაშია შესაძლებელი თბილისში საცობებისა და მთლიანად ტრანსპორტის პრობლემის სტრატეგიულად გადაწყვეტა.”

კახა კალაძის წინა ვიდეომიმართვას, სადაც ხელისუფლების მერობის კანდიდატი პარკირების პრობლემაზე საუბრობდა, მისი კონკურენტი “შენების მოძრაობიდან” აკრიტიკებს. თბილისის მერობის კანდიდატის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, კალაძე იმდენ შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს, რომ საქმე ან არაკომპეტენტურობასთან გვაქვს, ან/და კიდევ უფრო უარესთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი