ახალი ამბები

სოფელ დაბაში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ

20 აგვისტო, 2017 • 2734
სოფელ დაბაში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბის თავზე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაბომბილ ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი საათია ხანძარია. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე დამწვარია 300-400 კვ.მ. ფართობი, თუმცა ცეცხლი თანდათან ვრცელდება.

როგორც გვაზავამ ნეტგაზეთს განუცხადა, ადგილზე მუშაობენ როგორც მეხანძრე-მაშველები, ისე საპატრული პოლიციის თანამშრომლები. ისინი ერთობლივი ძალებით ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა ქარიანი ამინდისა და მიუვალი ადგილების გამო ხანძარი უფრო დიდ ფართობზე შეიძლება გავრცელდეს. შესაბამისად, საგანგებოს თანამშრომლებმა ვერტმფრენი გამოიძახეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, სავარაუდოდ, დაუდევრობამ გამოიწვია ხანძარი, თუმცა გამოძიების დასრულებამდე დაბეჯითებით ამის თქმაც ჯერჯერობით რთულია.

Update: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ათეულობით მეხანძრე-მაშველი ცდილობს, თუმცა  რთული რელიეფის გამო ამ დრომდე, ჭირს ადგილზე საანძრო ტექნიკის შეყვანა.

სააგენტოს განცხადებით, ხანძრის ლიკვიდირება უმოკლეს ვადაში რომ მოხერხდეს, პროცესებში უკვე ჩაერთო შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ნეტგაზეთთან საუბრისას ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ ხანძრის კერები მომატებულია. მისი თქმით, ვერტმფრენი ერთხელ გამოჩნდა ჰორიზონტზე, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობა ვერ მოხერხდა.

ხანძარი სოფელ დაბაში

ხანძარი სოფელ დაბაში

მასალების გადაბეჭდვის წესი