ახალი ამბებისამართალიტექნოლოგიები

ჰაკერული შეტევის შემდეგ სააგენტო “ექსპრესნიუსის” ყველა ფაილი განადგურდა

20 აგვისტო, 2017 • 11029
ჰაკერული შეტევის შემდეგ სააგენტო “ექსპრესნიუსის” ყველა ფაილი განადგურდა

“ექსპრესნიუსის” მთავარი რედაქტორისა და დამფუძნებლის, ირაკლი მანაგაძის განცხადებით, ახალი ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდა უკანონო შეღწევა, შედეგად კი განადგურდა backup და ყველა ფაილი. შესაბამისად, ამ ეტაპზე, “ექსპრესნიუსის” ვებ-გვერდი აღარ არსებობს.

როგორც ირაკლი მანაგაძე აცხადებს, კონტრაქტორმა სერვერის უზრუნველმყოფმა კომპანიამ პასუხისმგებლობა მოიხსნა და აღნიშნა, რომ ყველა ბაზა და ფაილი წაშლილია და ვერაფრით ვერ მოახერხებდნენ ასეთი თავდასხმისგან ExpressNews დაცვას.

მისი ცნობით, სპეციალისტები უკვე მუშაობენ საიტის, მათ შორის უნიკალური ფოტო, ტექსტ და ვიდეოარქივის აღსადგენად. “ექსპრესნიუსის” რედაქცია დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარს შეიტანს.  ისინი იმედოვნებენ, რომ მალე დადგინდება, ვინ და რა მიზნით ჩაიდინა კიბერდანაშაული.

2017 წლის 21 თებერვალს ჰაკერებმა “გურია NEWS”-ის ვებ-გვერდიც გატეხეს, რის შედეგადაც ყველა ინფორმაცია და ბაზები წაიშალა. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ის პირველი ნაწილით იძიებდა. სავარაუდოდ, სარჩელის შეტანის შემდეგ, “ექსპრესნიუსის” საქმეზეც იგივე მუხლებით დაიწყება გამოძიება.

  • სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და  ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი ან თუ  ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, იგი ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. კოდექსის მიხედვით, თუ ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ან თუ ჩადენილია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან ამგვარი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, ისჯება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი