ახალი ამბებისამართალი

მიხეილ იაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

19 აგვისტო, 2017 • 4719
მიხეილ იაშვილს სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

სასამართლოს ინფორმაციით, მოსამართლემ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების, შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები.

“კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა. სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი, ასევე, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა,” – აცხადებენ სასამართლოში.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს, 12:00 გაიმართება.

საქმე ეხება 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი