ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ადვოკატის მომსახურებისთვის ფინანსური თანადგომა სჭირდება

19 აგვისტო, 2017 • 3671
აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს ადვოკატის მომსახურებისთვის ფინანსური თანადგომა სჭირდება

ახალგორელ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, რომლის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, ადვოკატის მომსახურებისთვის სასწრაფოდ ესაჭიროება ფინანსური დახმარება.

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ასეთი მხარდაჭერისათვის. მე ვარ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული. დაცვისათვის და კომუნიკაციისათვის მჭირდება ფინანსური თანადგომა. გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ, პირადში მომწეროთ. ამის გარეშე მე ძალიან გამიჭირდება ამ ყველაფერთან გამკლავება”, – წერს მეარაყიშვილი ფეისბუკის გვერდზე.

მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ: საქართველოს ბანკი, GE95BG0000000667456100, მარინა მეარაყიშვილი, Marina Mearakishvili 

თამარ მეარაყიშვილის ადვოკატი ახალგორში დღეს, 19 აგვიტოს ვლადიკავკაზიდან ჩავა.


აქტივისტს ახალგორიდან თამარ მეარაყიშვილს ბრალს დებენ მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში. საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” გაკეთებულ კომენტარს ახალგორში პოლიტიკურად მოტივირებულ საკადრო ცვლილებებზე. თუმცა, მისი სამართლებრივი დევნა რეალურად მის აქტივიზმს უკავშირდება.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი