ახალი ამბები

თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

18 აგვისტო, 2017 • 1884
თალაკვაძის თქმით, პროპორციულ სისტემაზე მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

დღეს, 18 აგვისტოს, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას შეხვდნენ.

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროპორციული სისტემის საკითხზე მმართველ გუნდთან გაივლის კონსულტაციას:

“ამაზე გეტყვით აუცილებლად მას შემდეგ, რაც განვიხილავთ მმართველ გუნდში იმ მოთხოვნებს, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციურმა პარტიებმა წარმოადგინეს,”- განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიციურმა პარტიებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა 2020-ში პროპორციულ სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. ამის მიუხედავად, თალაკვაძემ დღეს განაცხადა, რომ მმართვველმა გუნდმა ოპოზიციურ პარტიებს სთხოვა, უახლოეს დღეებში წერილობით მიაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის არგათვალისწინების შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და, შესაბამისად, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ცვლილებებს ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა.

“რესპუბლიკელმა” თამარ კორძაიამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მათ უკვე არაერთხელ დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთ. მისივე თქმით, ამ შეხვედრაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო ერთიანი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი ყველაზე ძირითადი საკითხი იყო სამართლიან, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლიდან.

შეხვედრის შემდეგ “თავისუფალი დემოკრატების” წარმოამდგენელმა, შალვა შავგულიძემ ასევე განაცხადა, რომ უმრავლესობა დღეს არ აღმოჩნდა მზად იმაზე სასაუბროდ, მოხდებოდა თუ არ 2020 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხზე იქნება დამოკიდებული, ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი დასხდება თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან.

“ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, ოპოზუციამ დააფიქსირა ერთიანი პოზიცია, რომ თუკი 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე არ გადავლენ, მაშინ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უახლოეს მომავალში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება ოპოზიციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი