სემეკის შესასვლელი ფოტო მარიამ ბოგვერაძე

პოლიციამ “ლეიბორისტებს” სემეკის შენობა დაატოვებინა

პოლიციამ “ლეიბორისტული პარტიის” წევრებს სემეკის შენობა დაატოვებინა. პოლიციამ შენობის შესასვლელიც გადაკეტა, რათა პარტიის წევრებმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხონ.

სხდომა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიაში დღეს, 18 აგვისტოს მიმდინარეობდა, ხმაურის და დაპირისპირების გამო არაერთხელ შეჩერდა. კომისიის წევრებს სხდომის გაგრძელების საშუალებას “ლეიბორისტული პარტიის” წევრები და მათ მხარდამჭერები არ აძლევდნენ.

პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტები” ვარაუდობენ, რომ სემეკი გეგმავს, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს. პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ სემეკმა არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა.

როგორც სემეკის თავმჯდომარე, ირინა მილორავა აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე კომისია ტარიფის გადახედვის საკითხზე არ მსჯელობდა. მილორავას თქმით,  მაშინ, როდესაც კომისიაში შემოდის სატარიფო განაცხადი, პირველ რიგში, კომისიის აპარატი რასაც აკეთებს, შემოსული დოკუმენტაციის  ფორმალურ შემოწმებაა, შეესაბამება თუ არა სატარიფო განაცხადი  კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და თუ შეესაბამება, კომისია იწყებს უკვე საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას. რაც  შეეხება ტარიფზე გადაწყვეტილების მიღებას, ამისთვის კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს, რომელიც დეკემბერში იწურება:

“ტარიფის მიღების ბოლო ვადად გათვალისწინებულია დეკემბრის თვე იმიტომ, რომ ეს არის 150 დღის ბოლო თვე. შესაბამისად, კომისიის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებებით ჩვენი აპარატი  დაიწყებს მუშობას წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე. იწყება პროცესი, რასაც ჩენ ვეძახით მარეგულირებელ აუდიტს” – ამბობს მილორავა.

მისი თქმით, გაიზრდება თუ რა ელექტროენერგიის ტარიფი, ამის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან საწყის ეტაპზე ენერგეტიკული საწარმოების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა შეისწავლოს, რაც გეგმური პროცედურაა. მილორავას თქმით, სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრა ამ დოკუმეტნაციის შესწავლის შემდეგ უნდა მოხდეს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც სამომხმარებლო ტარიფზე მოქმედებს, ლარის კურსია. ეროვნული ვალუტა კი, ბოლო მონაცემებით, დოლართან მიმართებით ბოლო პერიოდთან შედარებით გამყარებულია. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ვერ მოახდენს გავლენას ტარიფზე.

რაც შეეხება “ლეიბორისტული პარტიის” მიერ სხდომის ჩაშლის მცდელობას, მილორავა აცხადებს, რომ სემეკის დაცვის სამსახურმა კანონის ფარგლებში იმოქმედა, როდესაც პოლიციას დაუკავშირდა, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას პარტიის წევრები ხელს უშლიდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com