ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვის თანაშემწე: მეარაყიშვილის საქმე საერთაშორისო დონეზე გასარკვევი არაა

18 აგვისტო, 2017 • 2534
ბიბილოვის თანაშემწე: მეარაყიშვილის საქმე საერთაშორისო დონეზე გასარკვევი არაა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის წარმომადგენელი მურატ ჯიოევი ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეს ეხმაურება:

“თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის მცხოვრები და მოქალაქეა და მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების გამოკვლვები სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეა და არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი საერთაშორისო დონეზე. ის გამონათქვამები, რომლის უფლებასაც აძლევს თავს ქართული ხელისუფლება, მათ შორის ე.წ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი, სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ჩარევაა. სამართალდამცავი ორგანოები საკუთარ საქმეს აკეთებენ და მათ საქმანობაში ჩარევა და ამის პოლიტიკურ და საერთაშორისო სივრცეში გადატანა გამართლებული არ არის”.

მურატ ჯიოევი; ფოტო: sputnik

მურატ ჯიოევი; ფოტო: sputnik

აქტივისტს ახალგორიდან თამარ მეარაყიშვილს ბრალს დებენ მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში. საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” გაკეთებულ კომენტარს ახალგორში პოლიტიკურად მოტივირებულ საკადრო ცვლილებებზე.


ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი