ახალი ამბები

“სემეკის” სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო შეჩერდა

18 აგვისტო, 2017 • 1957
“სემეკის” სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო შეჩერდა

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა სხდომათა დარბაზში ხმაურის გამო შეჩერდა.

კომისიის წევრებს სხდომის გაგრძელების საშუალებას “ლეიბორისტული პარტიის” წევრები და მათ მხარდამჭერები არ აძლევდნენ. დარბაზში ხმაურის გამო სემეკის სხდომა ამ დრომდე შეჩერებულია, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტები” ვარაუდობენ, რომ სემეკი გეგმავს, ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდოს. პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები მოითხოვენ, რომ სემეკმა არ დაუშვას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა.

“სემეკში” აცხადებენ, რომ დღევანდელ სხდომაზე კომისიას ელექტროენერგიის ტარიფები საერთოდ არ უნდა განეხილა. სემეკს უნდა ემსჯელა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ თელასისათვის 2018 წლის ტარიფის დადგენის თაობაზე. როგორც სემეკში ამბობენ, ეს არის მხოლოდ საჯარო ადმინისტრაიცული წარმოების დაწყების პროცესი, რომელიც გულისხმობს მხოლოდ თარიღების განსაზღვრას, რა პერიოდში უნდა მიღოს კომისიამ გადაწყვეტილება. ხმაურის მიუხედავად, კომისიამ ამ დადგენილებისთვის კენჭისყრა მაინც მოახერხა.

“თელასმა“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკ-ს სატარიფო განაცხადით 4 აგვისტოს მიმართა, რაც გეგმური პროცედურაა. როგორც სემეკ-ში განმარტავენ, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი