ახალი ამბები

170 152 ლარი ბიუჯეტიდან მახათის მთაზე ეკლესიის გარშემოსავლელის მოსაწყობად

18 აგვისტო, 2017 • 2558
170 152 ლარი ბიუჯეტიდან მახათის მთაზე ეკლესიის გარშემოსავლელის მოსაწყობად

თბილისის მერიამ დედაქალაქის ბიუჯეტიდან ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გარშემოსავლელი ფილის მოსაწყობად 170 152 ლარი გამოყო.

სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ 3891.8 კვადრატული მეტრის ფართზე უნდა დააგოს რკინაბეტონის ფილა, რომელიც ეკლესიის გარშემო ტერიტორიას დაფარავს.

სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო დაიწყოს წერილობითი დავალების მიცემიდან 5 დღის ვადაში.

ტენდერის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ინერტული ნარჩენები განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მე-15 კმ-ზე.

ტენდერი მერიამ 15 აგვისტოს გამოაცხადა, ხოლო განაცხადების მიღება 2-5 სექტემბერს იქნება. სატენდერო პირობების მიხედვით, კომპანიამ რკინაბეტონის ფილა 25 დღის ვადაში უნდა დააგოს, წერილობითი დავალების გაფორმების შემდეგ.

აღნიშნულ ეკლესიას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აშენებს. მის მშენებლობას საფუძველი 2012 წლის 17 აპრილს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პატრიარქმა ილია მეორემ ჩაუყარეს საფუძველი.

ამ ეკლესიის მშენებლობისთვის, საბიუჯეტო თანხების გარდა, მოქალაქეებისგანაც ითხოვდნენ ინდივიდუალურად თანხის შეწირვას ამ დეკლარირებული მიზნით. საოპერო მომღერალმა და შემდეგ პოლიტიკოსმა, პაატა ბურჭულაძემ, “ფონდი ივერიისა” დააფუძნა, რომლის მოძიებული თანხები ეკლესიის მშენებლობას ხმარდებოდა. ფონდ ივერიისაში 240 000 ადამიანი გაერთიანდა.

ეკლესიის მშენებლობაში ასევე ჩართული იყვნენ საჯარო სკოლების მანდატურებიც. საბოლოოდ, 2015 26 აპრილს დასრულდა მახათის მთაზე ეკლესიის შენობის მშენებლობა.

მართლმადიდებელი ეკლესია ყოველწლიურად  ათეულობით მილიონს იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის გარდა, საპატრიარქო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტიდან და მათზე რიცხული ქონებიდან იღებს მატერიალურ მხარდაჭერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი