ახალი ამბები

არათანასწორი გარემო ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის – ISFED წინასაარჩევნო პროცესებს აფასებს

18 აგვისტო, 2017 • 1894
არათანასწორი  გარემო ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის – ISFED წინასაარჩევნო პროცესებს აფასებს

“ამ ეტაპზ, შედარებით მშვიდი გარემოა, თუმცა ის პროცესები, რაც ჩვენ დავინახეთ  – საკანონმდებლო ცვლილებები, კონსტიტუციაში მიმდინარე ცვლილებები – მიუთიებს იმაზე, რომ არის ხელისუფლების მხრიდან საკუთარი პოზიციების გამყარების მცდელობები” – განაცხადა ISFED-ის დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას.

მისივე თქმით, ეს მცდელობები ეხება არა მხოლოდ ამ არჩევნებს, არამედ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მომდევნო, 2020 წლის არჩევნებსაც.

კონსტიტუციის ცვლილებებში მაჟორიტარული არჩევნები კვლავაც რჩება, ასევე, საარჩევნო კოდექსში შეტნილი ცვლილებები, ასევე, თქვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, ეს ყველაფერი, ჩვენი აზრით, არის ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გამყარების მცდელობები გრძელვადიან მასშტაბში. ეს არათანაბარ ვითარებაში აყენებს პოლიტიკურ პარტიებს და ამ კუთხით ეს არის ხოლმე წინასაარჩევნო პროცესის მთავარი პრობლემა საქართველოში, ის არათანასწორი გარემო, რაც არის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის,”- ამბობს მიხეილ ბენიძე.

შეფასების დოკუმენტში მიმოხილულია ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებები და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა.

საკონსტიტუციო რეფორმა

ISFED-ის დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის ბოლოს საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ინკლუზიურად დაიწყო, 2017 წლის ივნისის ბოლოს ჩიხში შევიდა და საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს პარლამენტში ორი მოსმენით მხარი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა. ამის მიზეზი სისტემის ცვლილების 2024 წლამდე გადავადების შესახებ მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება იყო.

საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას მხარს დაუჭერდა საარჩევნო ბლოკების გაუქმების და ე.წ. გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების „ბონუსური“ წესის შემოღების პირობებში, რომლის მიხედვითაც 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პარტიების მიერ მიღებული ხმების შედეგად დარჩენილ გაუნაწილებელ მანდატებს მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე ერთი პარტია მიიღებდა… მმართველი პარტიის ინიციატივის საპასუხოდ, არასამთავრობო ორგანიზაციები გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულ გადანაწილებას, ბარიერის დაწევას და/ან არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ე.წ „ბონუს მანდატების“ ზღვრის დაწესებას ითხოვდნენ. ვენეციის კომისია საკუთარ დასკვნაში მიესალმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, თუმცა მანდატების გადანაწილების შემოთავაზებული წესი ასევე კრიტიკულად იქნა შეფასებული.

ვენეციის კომისიის მოსაზრებების გამოქვეყნებისთანავე, 19 ივნისს, მმართველმა პარტიამ მოულოდნელად მიიღო არსებული საარჩევნო სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შენარჩუნების და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადების გადაწყვეტილება. იმავე კვირაში, 22-23 ივნისს, მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მკვეთრი კრიტიკისა, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ორ დღეში ორი მოსმენით დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ ცვლილებებისთვის ხმა არც ერთი სხვა პარტიის წარმომადგენელს არ მიუცია,”- ვკითხულობთ ISFED-ის დოკუმენტში.
მუნიციპალიტეტების გაერთიანება და თვითმმართველი ქალაქების შემცირება

ISFED-ის შეფასების თანახმად,  2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ხელშესახებ სიახლეს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების გაყოფა და 7 ახალი თვითმმართველი ქალაქის შექმნა, რაც პოზიტიურად შეფასდა. მათივე განცხადებით,  ეს იყო რეფორმის მხოლოდ პირველი ეტაპი და საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ ტერიტორიული ოპტიმიზაცია სხვა მუნიციპალიტეტებსაც შეხებოდა.

“ამის სანაცვლოდ, 2017 წელს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის პარალელურად, საზოგადოებისთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებაში განიხილებოდა 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და 7 მუნიციპალიტეტისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების საკითხი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში გადააგზავნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ 2014 წლამდე არსებული ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებდა.

2017 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად ფართო საზოგადოების წინააღმდეგობისა, მხარი დაუჭირა 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას და მუნიციპალიტეტების გაერთიანებას. 21 ივლისს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კანონპროექტს და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნა საქართველოს პარლამენტს. 26 ივლისს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ 14 თვითმმართველი ერთეული გაერთიანდება და თვითმმართველი ქალაქის სტატუსს მხოლოდ 5 ქალაქი შეინარჩუნებს. აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად ზღუდავს თვითმმართველობის უფლების როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის,”- ვკითხულობთ ISFED-ის შეფასებაში.
ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში

სარჩევნო კოდექსში შესულ ზოგიერთ რეგულაციას, მაგალითად, საარჩევნო სუბიექტიების, სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საარჩევნო ადმინისტრაციებში ელექტრონული რეგისტრაციის შესაძლებლობას, ასევე სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციას საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესში ISFED დადებითად აფასებს თუმცა მკაცრად აკრიტიკებს ცვლილებებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში.

“ყველაზე პრობლემურია ცვლილებები საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში, რომლის მიხედვითაც 2017 წლის არჩევნების შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმომადგენლის დანიშვნა ნაკლებ პოლიტიკურ პარტიას შეეძლება, ხოლო მმართველი პარტიის წარმომადგენლების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. აღნიშნული ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯია როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის თანასწორი გარემოს უზრუნველყოფის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის გამყარების კუთხით. გასულ არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ მნიშვნელოვანი ხარვეზები დააფიქსირა საარჩევნო კომისიების პროფესიული წევრების შერჩევისას, რაც ამ პროცესში პოლიტიკური გავლენების ეჭვებს იწვევდა. ამ ფონზე საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის წარმომადგენლების ზრდა ხელს არ შეუწყობს საზოგადოებაში საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის განცდის ჩამოყალიბებას.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილების გამო, საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო, რომელიც მოგვიანებით პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დაძლია,”- წერია შეფასებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის ხარვეზები

ISFED შეფასების დოკუმენტში წერს, რომ არსებული საარჩევნო სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხასიათდება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ საარჩევნო სისტემით არ არის დაცული ხმის თანასწორობის პრინციპი.

“ამ პრობლემის შესახებ აღნიშნულია ასევე ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივ მოსაზრებაში და რეკომენდირებულია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის გადაიხედოს საარჩევნო სისტემა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყო ხმის წონის თანაბრობა.

გარდა აღნიშნულისა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის არსებული საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროპორციულობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, არ ხდება ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში. შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიები არჩევნებში მიღებულ ხმების რაოდენობაზე ნაკლებ მანდატებს იღებენ საკრებულოში. ან პირიქით, როდესაც, შედარებით ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს საკრებულოებში გაცილებით მაღალი პროცენტული წარმომადგენლობა ჰყავთ, ვიდრე არჩევნებში მიღებული პროცენტული მხარდაჭერა. აღნიშნულ დისპროპორციას განაპირობებს ის, რომ ძლიერი პარტიები
დამატებით მანდატებს მაჟორიტარული სისტემის ხარჯზე აგროვებენ.

თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის რეფორმას ჯერ კიდევ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ითხოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რაზეც შესაბამისი რეკომენდაციებიც წარადგინეს. თუმცა, მიუხედავად მრავალჯერადი მოწოდებისა, საარჩევნო სისტემის არსებითი რეფორმა არ განხორციელებულა. ნაცვლად ძირეული რეფორმისა, ხელისუფლებამ მოამზადა და მიიღო ცვლილება მაჟორიტარი წარმომადგენლების რაოდენობის გაზრდის შესახებ თვითმმართველ თემებში.

აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტების გაერთიანების და 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შემდეგ თვითმმართველ თემებში შემავალი ქალაქების წარმომადგენლობის გაძლიერება მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ცვლილება ითვალისწინებს თვითმმართველ თემებში შემავალი ქალაქების მაჟორიტარი წარმომადგენლების რაოდენობის 2-დან 5-მდე მაჟორიტარი წევრით გაზრდას, მოსახლეობის
რაოდენობის მიხედვით. ცალკე აღებული ეს ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქალაქების განვითარების გაძლიერებასა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების შემდეგ გაუქმებული საკუთარი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების კომპენსირებას. ამას გარდა, მიუღებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ცვლილებების ფრაგმენტულად და ფართო საზოგადოების ჩართულობის გარეშე განხორციელება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისტემასთან დაკავშირებით გაცილებით სერიოზული გამოწვევები არსებობს,”- ვკითხულობთ დოკუმენტში.

გენდერული კვოტები

ადგილობრივი თვითმმაარველობის არჩევნებისთვის პარლამენტში გენდერული კვოტირების განხილვა ვერ მოასწრო. ამ საკანონმდებლო ინიციატივას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები უჭერენ მხარს.

“ივნისში პარლამენტში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მხარდაჭერით 37,455 ამომრჩევლის ხელმოწერით გამყარებული გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივა შევიდა. ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან პარტიულ სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, დეპუტატის მანდატს იმავე სქესის, რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს,”- ვკითხულობთ ISFED-ის შეფასებაში.

პრობლემები საარჩევნო ადმინისტრაციაში

ISFED-ის შეფაესების თანახმად, გასულ არჩევნებზე, განსაკუთრებით ხმის დათვლისა და შეჯამების პროცესში, ადგილი ჰქონდა არაერთ ტექნიკური
ხასიათის ხარვეზს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციას ეჭვყვეშ აყენებდა, ასევე, პრობლემური იყო საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესი, რომლის დროსაც სავარაუდო პოლიტიკური გავლენების ნიშნები იკვეთებოდა.

“საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის გამყარებისათვის უმნიშვნელოვანესია, ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდნონ საუბნო კომისიის წევრთა შერჩევას, უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალობა და პროფესიულ კვალიფიკაციაზე დაფუძნებული შერჩევა, რათა გამოირიცხოს ამ პროცესში პარტიული და პოლიტიკური გავლენების განცდა,”- ვკითხულობთ დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიმდინარე მოვლენები 

ISFED აცხადებს, რომ  არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის კუთხით უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც მონიტორინგს უწევს პოლიტიკური პარტიების მიერ დაფინანსების მიღებას და მათ ხარჯვას.

“ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დადგომამდე, 25 ივლისს, უფლებამოსილების ვადა ამოეწურა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას. ორი თვით ადრე, თორდიას განცხადებით, მას თავს დაესხა და დაცვის წევრებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. დაზარალებულის აზრით, თავდასხმა უკავშირდებოდა აუდიტის სამსახურის მიერ 2016 წელს ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის საქმის შესწავლას.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებამ კითხვის ნიშნები გააჩინა და სამი თვის შემდეგაც კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, უკავშირდებოდა თუ არა ეს შემთხვევა გენერალური აუდიტორის სამსახურებრივ საქმიანობას. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელზე თავდასხმას ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია არც პარლამენტის მხრიდან. გამოძიების გაჭიანურება და შესაბამისი პირებისადმი სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეუფარდებლობა საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ არსებობენ რიგი გავლენიანი პირები/ჯგუფები, რომლებზეც კანონი არ ვრცელდება და რომელთა ინტერესების დაცვას ემსახურება სახელმწიფო აპარატი. ეს შეიძლება უარყოფითი გზავნილი იყოს არა მარტო აუდიტის სამსახურის, არამედ ასევე სხვა დამოუკიდებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეებისათვის.

ამ ფონზე მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“გენერალური აუდიტორის პოსტზე მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს. აუდიტის სამსახურის საქმიანობისადმი ნდობის შენარჩუნებისა და გამყარებისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც ყოფილ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის მიუკერძოებელი გამოძიება, ასევე, ახალ გენერალურ აუდიტორად პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი პირის შერჩევა,”- ვკითხულობთ შეფასებაში.

პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები
ISFED-ის განცხადებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პირველი იქნება ოპოზიციურ ველზე მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ. 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერი პოლიტიკიდან წავიდა, იანვარში კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ორად გაიყო და მისმა ნაწილმა ახალი პარტია – “ევროპული საქართველო” ჩამოაყალიბა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელმაც არჩევნების შემდეგ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა,  „შენების მოძრაობა“ დააფუძნა.

“როგორც მოსალოდნელია, საარჩევნო კამპანიის ძირითადი ფოკუსი თბილისის მერის არჩევნები იქნება,”- ვკითხულობთ ISFED-ის შეფასებაში.
მედიაგარემო

ISFED წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მიმოიხილავს მედიაში არსებულ მდგომარეობას- განსაკუთრებით, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-თან დაკავშირებულ პროცესებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვადაზე ადრე გადადგომის შემდეგ, იანვარში მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი დანიშნა, რამაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გააჩინა. ახალმა მენეჯმენტმა ერთ თვეში საზმაუს რეფორმის რადიკალური გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც არხზე საინფორმაციო გამოშვების გარდა ყველა გადაცემა უნდა დახურულიყო. საზოგადოების პროტესტის შედეგად, აღნიშნულმა გეგმამ ცვილება განიცადა, თუმცა მალევე ცნობილი გახდა, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან, შემოდგომაზე, რამდენიმე საზოგადოებრივ-
პოლიტიკური გადაცემა (მათ შორის რადიო „თავისუფლებასთან“ ერთობლივი პროექტები – „ინტერVIEW“ და „წითელი ზონა“) ეთერში აღარ დაბრუნდებოდა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ხელმძღვანელობის ცვლილების შემდეგ მიმდინარე პროცესები და გადაცემების დახურვა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნა, როგორც მაუწყებეზლზე ხელისუფლებისადმი კრიტიკული აზრის გაქრობის მცდელობა და გაამყარა ეჭვები საზმაუს მენეჯმენტის პოლიტიკური დაინტერესებულობის შესახებ.
საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების პარალელურად, გრძელდებოდა სასამართლო პროცესი „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით. 2017 წლის 2 მარტის საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საკუთრების უფლება მის ყოფილ მფლობელს მიაკუთვნა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, „რუსთავი 2“-ის წილებთან დაკავშირებით სამივე ინსტანციის სასამართლოში პროცესის მიმდინარეობა, ისევე როგორც საბოლოო გადაწყვეტილება, არ აკმაყოფილებდა სამართლიანი სასმართლოს მოთხოვნებს და ამყარებდა ვარაუდს პროცესში ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების არსებობის შესახებ. „რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილების შესახებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შეაჩერა. სასამართლომ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან.
საყურადღებო ტენდენციას წარმოადგენდა სამი მსხვილი ტელეკომპანიის – „იმედის“, „მაესტროს“ და მანამდე ბიძინა ივანიშვილის ოჯახისს საკუთრებაში მყოფი GDS-ის ერთ ჰოლდინგში გაერთიანება,”- ვკითხულობთ დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი