ახალი ამბები

სიგუას თქმით, ფინანსური საგამოძიებო სამსახური ქონების დაზიანების ფაქტზე დაკითხავს

18 აგვისტო, 2017 • 2037
სიგუას თქმით, ფინანსური საგამოძიებო სამსახური ქონების დაზიანების ფაქტზე დაკითხავს

მუსიკალური ფესტივალის, “ჯემ ფესტის” დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იკითხება. დაკითხვაზე შესვლის წინ მან განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, რა სახის ფინანსურ დარღვევასთან დაკავშირებით არის დაბარებული საგამოძიებო უწყებაში. მისი ინფორმაციით, საქმე ეხება ქონების დაზიანების ფაქტს, თუმცა უწყებამ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სიგუას დაკითხვა შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევას უკავშირდება.

“საქმე არის აღძრული არა ჩემს წინააღმდეგ, არა “ჯემ ფესტის” წინააღმდეგ, არამედ რაღაც ფაქტზე, რომ ვიღაცას დაუზიანდა რაღაც ქონება, რომელშიც ჩვენ, მე არავინ მადანაშაულებს. ცოტა გაუგებარია ეს ყველაფერი, ამიტომ მოვედი, ამიტომ ჩამოვედი საქართველოში, რომ ეს ყველაფერი გავარკვიო: რატომ ამოიღეს სრული დოკუმენტაცია ჩვენი ოფისიდან, წაიღეს კომპიუტერები. რას ეძებენ? რისი პოვნა უნდათ? არც ერთი თეთრი ჩვენს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია, ფული პირდაპირ გადაუხადეს იმ არტისტებს, რომლებმაც დაუკრეს “ჯემ ფესტზე” და ეს არის ნაწილი ამ ლაინაფის. დანარჩენს ჩვენ გადავუხადეთ ფული. რა ფინანსურ დარღვევებზე შეიძლება იყოს საუბარი, წარმოადგენა არ მაქვს.” – განაცხადა გიორგი სიგუამ.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ საქმე ნამდვილად ეხება ფინანსურ დარღვევას და დამატებით დეტალებზე დაკითხვის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის №092090817006 საქმეზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს „არტ პლატფორმა“-ს (ს/კ 404520185) მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის „GEM FEST“ ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი