ახალი ამბებიხელოვნება

მთაში და ზღვაზე საკითხავი წიგნები

18 აგვისტო, 2017 • 10638
მთაში და ზღვაზე საკითხავი წიგნები

მკითხველთა უმეტესობა წიგნებს სხვადასხვა კატეგორიად ჰყოფს. წლებთან ერთად ახალ-ახალი „თაროები“ ჩნდება: ჟანრული ლიტერატურა, სხვადასხვა სიტუაციაში და გარემოში საკითხავი წიგნები, განწყობის წიგნები, ავტობუსში ან სხვა ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში საკითხავი წიგნები, ძილის წინ წასაკითხი წიგნები, საცობში საკითხავი და რა აღარ. ზუსტად ასევე არსებობს ზაფხულში წასაკითხი წიგნები. ბევრი მკითხველი ზაფხულის წიგნებს მთელი წლის განმავლობაში აგროვებს, გადადებული აქვს გემრიელი ლუკმა, დასვენების ჟამს რომ წაიკითხოს. ახლაც იმ ექვს წიგნზე ვისაუბრებთ, რომლებიც მშვენიერ მეგზურობას გაგვიწევს წლევანდელ ზაფხულს, როგორც მთიან კურორტზე დასვენებისას, ასევე, ზღვის სანაპიროზე.

მთაში წასაკითხად გირჩევთ თანამედროვე სამხრეთამერიკელი ავტორის, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმს“. მარიო ვარგას ლიოსა ნობელის პრემიის ლაურეატია და დიდი პოპულარობით სარგებლობს ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში. გასულ წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ ნობელიანტი ავტორის სქელტანიანი წიგნი გამოსცა სახელწოდებით „ვაცის ნადიმი“. რომანი, მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულია და მოცულობით ექვსას გვერდს აღემატება, ძალიან სწრაფად იკითხება.

IMG_0044

„ვაცის ნადიმი“ თითქმის დოკუმენტური სიზუსტით აცოცხლებს დომინიკელი დიქტატორის, რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს პრეზიდენტობის წლებს. რომანი სამ ნაწილადაა დაყოფილი, სამივე ნაწილი სხვადასხვა პერსონაჟის პერსპექტივიდანაა ნაჩვენები, რაც უფრო მეტ სიმძაფრეს და სიზუსტეს მატებს წიგნს. პირველი ნაწილი ეთმობა ურანია კაბრალს, რომელიც წლების შემდეგ ბრუნდება მშობლიურ სანტო-დომინგოში, სადაც მომაკვდავი მამა ხვდება. ურანია კაბრალი ტრუხილიოს რეჟიმის მსხვერპლია და დიდი ძალისხმევით მცირე ასაკში დაუსხლტა ხელიდან ტრუხილიოს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ცხოვრების მიუხედავად, გულში დიდი წყენა აქვს ჩატოვებული მამის მიმართ. რომანის მეორე ნაწილი ეთმობა თავად დიქტატორს. ავტორი ოსტატურად აღწერს მის ყოველდღიურობას, ნაბიჯ-ნაბიჯ გვაჩვენებს იმ სისასტიკეს, რომელიც დიქტატორის მმართველობას მოაქვს. ავტორს ასევე კარიკატურულად ჰყავს გამოყვანილი უძლეველი დიქტატორი, რომელსაც მთელი ქვეყანა ემონება და ნაჩვენები აქვს მისი სასაცილო და ხშირად გულისამრევი თვისებები. მესამე, ყველაზე საინტერესო ნაწილი შეთქმულების მონაწილეებს ეთმობა, ტრუხილიოს მკვლელებს, როგორ გეგმავენ დიქტატორის მოკვლას, რამ მიიყვანა ისინი აქამდე და რას მიიღებენ ტრუხილიოს სიკვდილით ისინი. თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ სამხრეთამერიკელი ავტორის ეს სულისშემძვრელი წიგნი, ნუ დააყოვნებთ, მარიო ვარგას ლიოსა თქვენს მშვიდ დასვენებას მთაში უფრო ამაღელვებელს გახდის და სიამოვნებასთან ერთად მიიღებთ ცოდნას მეოცე საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეულ დიქტატორზე და მის მმართველობაზე. მნიშვნელოვანია, ასევე, მთარგმნელის, ლანა კალანდიას დამსახურებაც.

მეორე წიგნი, რომელიც შეიძლება მთაში წაიკითხოთ, თანამედროვე კანადელი ავტორის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნია“ (მთარგმნელი – ანი კოპალიანი, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“). მარგარეტ ეტვუდი XX-XXI საუკუნის ცნობილი ქალი ავტორია, ის მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელია და მისი ბიბლიოგრაფიაც ჟანრული სიჭრელით გამოირჩევა. იგი წერს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკას, ასევე სიმულაციურ ფანტასტიკას, საბავშვო წიგნებს, ნონ-ფიქშენს და უტოპიას. „მხევლის წიგნი“ უტოპიური ჟანრისაა და აღწერილია მომავლის სამყარო, სადაც რელიგიური ფუნდამენტალისტები ძალადობრივი გზით ცვლიან მთლიან წყობას და რაღაც მანქანებით ახერხებენ ქალებს წაართვან ყველა უფლება და აქციონ მხევლებად. ბლოკავენ მათ საბანკო ანგარიშებს, ათავისუფლებენ სამსახურებიდან, აშორებენ ქმრებს, შვილებს, დედებს, აცმევენ წითელ კაბებს, რომლითაც მთელ სხეულს უფარავენ და აგზავნიან მდიდარ ოჯახებში მხევლებად, მათი ერთადერთი ფუნქცია შვილების გაჩენაა, ისინი ერთგვარი ჭურჭლები არიან, რაშიც ჩაისახება ბავშვი, ცხრა თვე ატარებენ მუცლით და შემდეგ ოჯახს გადასცემენ.

IMG_0045

ნაწარმოების მთხრობლად გვევლინება ერთ-ერთი მხევალი ოფრედი, რომელიც ოჯახში მსახურობს და ყვება თავის ისტორიას, როგორ მოვიდნენ ადამიანები აქამდე, რა გზა გამოიარეს, როგორი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და რისი ატანა უწევთ ახლა. მთელ წიგნში ოფრედი გვიზიარებს თავის განცდებს, სურვილებს და შეუძლებელია ეს ყველაფერი ყველაზე უგულო მკითხველმაც კი ემოციების გარეშე წაიკითხოს. ასე რომ, ეს რომანი-გაფრთხილება, რომელიც ფემინისტურ ბიბლიად მიიჩნევა, აუცილებელი და ძალიან დროულია ჩვენს ქვეყანაში.

IMG_0043

სამწუხაროდ, ჯეინ ოსტინის სახელი მხოლოდ ოცდამეერთე საუკუნეში გახმიანდა ქართული წიგნის მაღაზიებში, მანამდე მისი წაკითხვა მხოლოდ უცხოენოვან მკითხველებს შეეძლოთ. არადა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჯეინ ოსტინის წიგნებზე იზრდება უამრავი ადამიანი მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული დღემდე. მისი წიგნების მიხედვით გადაიღეს უამრავი ფილმი და დაიდგა ბევრი სპექტაკლი. დიდ ბრიტანეთში მისი სახელი უილიამ შექსპირის სახელსაც კი უტოლდება. აღნიშნავენ ჯეინ ოსტინობას და როგორც ჩვენ გვიყვარს ილია, ვაჟა, შოთა თუ აკაკი, ასევე ინგლისელების საამაყო ავტორია ერთი პატარა ქალი, ჯეინ ოსტინი, რომელმაც მხოლოდ ექვსი რომანის დაწერა მოასწრო თავისი ცხოვრების განმავლობაში. ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი „გონება და გრძნობა“ (მთარგმნელი – მარიამ ქაშიბაძე) გასულ წელს გამოსცა გამომცემლობა „ელფიმ“. წიგნში მოქმედება დეშვუდების ოჯახის გარშემო ვითარდება. მოხუცი ჰენრი დეშვუდის გარდაცვალების შემდეგ მისის დეშვუდი სამი ქალიშვილით ქონების გარეშე რჩება, რის გამოც მათ სახლის დატოვება და სხვა ადგილას გადასახლება უწევთ. რომანის სათაური უკავშირდება დებს – ელინორსა და მერიენს. ავტორი უფროს დას, ელინორს, რომელიც უფრო აუღელვებელია, მშვიდი და დინჯი, გონებასთან აკავშირებს, ხოლო უმცროს დას, ემოციურ და რომანტიკულ მერიენს – გრძნობასთან. რომანში დიდი ოსტატობით და მწერლისთვის დამახასიათებელი მშვიდი და აუღელვებელი წერის მანერით გადმოცემულია მეთვრამეტე საუკუნის ინგლისის ყოფა და ურთიერთობები.

IMG_0018

ზაფხულის გატარება მზიან სანაპიროზე თუ გადაწყვიტეთ, აუცილებელი ატრიბუტი, მზისგან დამცავ კრემთან ერთად, მსუბუქად საკითხავი თხელტანიანი წიგნია. ხმაურიანი დასვენების დროს რთულია დიდი დრო დაუთმო წიგნებს, ამიტომაც მშვენიერი გამოსავალია თხელი წიგნების თან ტარება, უცებ რომ წაგაკითხებთ თავს და არც მეტისმეტი სიმძაფრით დაგთრგუნავთ. ზუსტად ასეთი წიგნია ელენ ფილდინგის გახმაურებული ბესტსელერი „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ (მთარგმნელი – ნინა ჭავჭავაძე), რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში~ გამოსცა. ბრიჯიტ ჯონსის დღიურების სერიას წიგნად თუ არა, ფილმად მაინც იცნობენ მკითხველები და მაყურებლები. მარტოხელების ბიბლიად მიჩნეული წიგნი მეოცე საუკუნის მიწურულს დაიწერა, რომანში აღწერილია ოცდაათს გადაცილებული ბრიჯიტ ჯონსის ცხოვრება დღიურების სახით. ბრიჯიტი ერთ დღესაც გადაწყვეტს, დღიურების წარმოება დაიწყოს, მოუკლოს სიგარეტის მოწევას, იკვებოს ჯანსაღი პროდუქტით, დაიკლოს წონაში, ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოიღოს ალკოჰოლი და ერთი სიტყვით, იყოს კარგი გოგო. ბრიჯიტ ჯონსის პერსონაჟი ყველა ქალისთვის და არა მარტო ქალისთვის, ახლობელია, რადგან ჩვენ ყველას გვიფიქრია ერთი დღით, მოდი, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება და ხვალიდან დავემშვიდობოთ არასწორ ცხოვრების რეჟიმს, თუ ესეც არა, ორშაბათიდან ხომ მაინც ყველა დავმდგარვართ დიეტაზე. ბრიჯიტ ჯონსის ისტორიებს ელენ ფილდინგი 1990-იან წლებში წერდა ინდეპენდენტში, რის შემდეგაც შემოთავაზება მიიღო და საგაზეთო სვეტი წიგნად აქცია.

cms-image-000033913

მეორე საზღვაო წიგნი იენ მაკიუენის სადებიუტო რომანი „ცემენტის ბაღია“, რომელიც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა ქართულ ენაზე ნინო თარხან-მოურავის თარგმანით. ცემენტის ბაღი თემატურად მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი წიგნია. ბავშვობაში ყველას გვდომებია სახლში მარტო დარჩენა და სრული თავისუფლება, როცა დედა ლოგინისკენ არ მიგითითებს და მამა ტელევიზორის ყურებას არ გიკრძალავს. „ცემენტის ბაღის“ პერსონაჟებიც მცირეწლოვანი და-ძმაა, რომლებიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ სახლში მარტო რჩებიან და უცნაურ თამაშს იწყებენ, ისინი დიდობას ითავსებენ შეუფერებელ ასაკში. რომანში ავტორი გვაჩვენებს მარტო დარჩენილი ბავშვების პრობლემებს, რთულ პირობებში როგორ იძენენ ახალ ცოდნას, ახალ გამოცდილებას, როგორ ყალიბდებიან ადამიანებად, რას აკეთებენ კრიტიკულ მომენტებში და როგორ ცდილობენ გამოეყონ მთელ საზოგადოებას და შეიკეტონ მშობლების მოგონებებით სავსე ოთახებში. წიგნის მიხედვით, 1993 წელს ცნობილმა რეჟისორმა, ენდრიუ ბირკინმა, ფილმიც გადაიღო, სადაც მთავარ როლს შარლოტა გინზბურგი ასრულებს.

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ზღვიან ქალაქში დასვენებისას წასაკითხი კიდევ ერთი წიგნი ჯონ აპდაიკის „ბრაზილიაა“, რომელიც ზაზა ჭილაძემ თარგმნა გამომცემლობა „დიოგენესთვის“. ჯონ აპდაიკი ცნობილი თანამედროვე ამერიკელი მწერალია. ის ერთ-ერთია სამ ავტორს შორის, რომელმაც ორჯერ აიღო პულიცერის პრემია. ჯონ აპდაიკის „ბრაზილიაში“ მოქმედება კოპაკაბანას ქვიშიან სანაპიროზე ვითარდება, სადაც ახალგაზრდა იზაბელი მდიდარი ოჯახიდან შეხვდება ღარიბ ფერადკანიან ტრისტაოს და იწყება დიდი სიყვარულის ისტორია. რომანი აგებულია ტრისტანისა და იზოლდას მოტივებზე, პერსონაჟებს შორის არსებობს სოციალური უთანასწორობა, რასაც გადალახავენ და გაექცევიან ოჯახს, ქალაქს და სიყვარულის სახელით წიგნის ბოლომდე იბძვიან. ჯონ აპდაიკი რომანში მაგიურ რეალიზმსაც იშველიებს და ინდიელი უძველესი ტომების დახმარებით ჯადოქრობებს ატრიალებს. ტრისტაოს და იზაბელის პოსტმოდერნული სიყვარულის ისტორია, რომელიც ქვიშიან სანაპიროზე იწყება და გრძელდება ბრაზილიის მიუვალ ჯუნგლებში, არც ერთ მკითხველს დატოვებს უკმაყოფილოს. თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ დიდ სიყვარულზე, ვნებაზე და გრძნობებზე წიგნები აღარ იწერება, წაიკითხეთ ეს ლიტერატურული ფოიერვერკი.

[highlight color=”red”]სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

მასალების გადაბეჭდვის წესი