ახალი ამბები

ალასანია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან აუცილებლად გავა რუსული ჯარი

30 აპრილი, 2013 • 1117
ალასანია: ოკუპირებული ტერიტორიებიდან აუცილებლად გავა რუსული ჯარი

“დოკუმენტს დაემატა ჩანაწერი, სადაც საუბარია იმაზე, რომ გაჩნდა ახალი რეალობა, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო, ჰუმანიტარული, სატრანსპორტო თემებზე, რომელიც ძალიან ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს; რომ ჩვენი ურთიერთობების დარეგულირების პოტენცია არსებობს,”- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გადაცემა “პოზიციაში,” რომლის საუბრის თემა ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკას შეეხებოდა.

 

ალანასანიას განცხადებითვე, ამასთან, არსებობს საფრთხეებიც, რომელთა შეფასებაშიც ცვლილებები არ არის.


“ჩვენთვის ისევე წარმოადგენს საფრთხეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული შეიარაღებული ჯარები, როგორც ეს 6 თვის წინ იყო. ეს არის ობიექტური რეალობა. ამიტომ ჩვენი მთავარი ამოცანაა იმის შეხსენება, რაზეც 2008 წლის აგვისტოში ხელი მოეწერა რუსეთის პრეზიდენტის მიერ, იყოს შესრულებული. ამასთან, არაღიარების პოლიტიკა ყოველთვის იქნება დღის წესრიგში და რუსეთის ფედერაციას ეს პოლიტიკა ჩაუვარდა. დღეს თუ არა ხვალ, აუციელებლად გავა რუსეთის ჯარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სწორი, დაბალანსებული და გათვლილი საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა,”- აცხადებს თავდაცვის მინისტრი. 


ალასანიას თქმით, ხელისუფლებაში არავის, მათ შორის არც მას და არც პრემიერს, არ აქვთ იმის ილუზია, რომ რუსეთის ფედერაცია შეიცვლის თავის დამოკიდებუელბას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. 

 

“ჩვენი პოლიტიკის მიზანია, არ მივცეთ არანაირი მიზეზი რუსეთის ფედერაციას, რომ საქართველოზე თავდასხმები განახორციელოს.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი