ახალი ამბები

ბარსელონაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

17 აგვისტო, 2017 • 2631
ბარსელონაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრასელონაში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო მონაცემებით 13-ს აღწევს 50-მდე ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, კატალონიის პოლიციის ინფორმაციით, დღეს ბრასელონაში მომხდარ თავდასხმასთან შესაძლო კავშირის ბრალდები, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. ესპანურ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ მეორე ეჭვმიტანილის ლიკვიდაცია მოახდინა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურ უწყებებს ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.

ბარსელონის ცენტრში დღეს, 17 აგვისტოს ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა და ათობით ადამიანს დაეჯახა.

უსაფრთხოების სამსახურები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ გადაადგილდნენ Placa Catalunya-ს მიმდებარე ქუჩებზე, დაიხურა ახლომდებარე რკინიგზის და მეტროსადგურებიც. მათ კი, ვინც ამ დრომდე შემთხვევის ადგილის მიმდებარე კაფეებსა და მაღაზიებს აფარებს თავს, პოლიცია მოუწოდებს, შესაბამის მითითებამდე ტერიტორია არ დატოვონ.

პარალელურად ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ შეარაღებულ ადამიანს ბარსელონის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში მძევლები ჰყავდა აყვანილი და იყო გასროლის ხმაც, თუმცა გაზეთი არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს ვინაობას. ჯერჯერობით ამას არც ოფიციალური წყაროები ადასტურებენ. უცნობია, არის თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირში.

პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებისგან, სადაც დაშავებულები არიან ასახული, რათა პატივი სცენ მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

ბარსელონაში ახლა ტურისტული სეზონის პიკია. ქალაქი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტურიზმის თვალსაზრისით. მას წელიწადში 11 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი