ახალი ამბები

ბარსელონის ცენტრში ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა – არიან გარდაცვლილები

17 აგვისტო, 2017 • 1730
ბარსელონის ცენტრში ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა – არიან გარდაცვლილები

ბარსელონის ცენტრში  ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა და ათობით ადამიანს დაეჯახა. როგორც “როიტერსი” იუწყება, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. “როიტერსი” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარი უკვე შეფასდა ტერორისტულ თავდასხმად.

კატალონიის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, 32 კი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბარსელონა

ბარსელონაში ფურგონი ფეხით მოსიარულეებში შევარდა, არიან გარდაცვლილები 17.08.17 ფოტო: EPA

უსაფრთხოების სამსახურები მოუწოდებენ მოსახლეობას, არ გადაადგილდნენ Placa Catalunya-ს მიმდებარე ქუჩებზე, დაიხურა ახლომდებარე რკინიგზის და მეტროსადგურებიც. მათ კი, ვინც ამ დრომდე შემთხვევის ადგილის მიმდებარე კაფეებსა და მაღაზიებს აფარებს თავს, პოლიცია მოუწოდებს, შესაბამის მითითებამდე ტერიტორია არ დატოვონ.

პარალელურად ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ შეარაღებულ ადამიანს ბარსელონის ცენტრში, ერთ-ერთ კაფეში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იყო გასროლის ხმაც, თუმცა გაზეთი არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს ვინაობას, ჯერჯერობით ამას არც ოფიციალური წყაროები ადასტურებენ. უცნობია, არის თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთთან კავშირში.

პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელებისგან, სადაც დაშავებულები არიან ასახული, რათა პატივი სცენ მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.

ბარსელონაში ახლა ტურისტული სეზონის პიკია. ქალაქი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტურიზმის თვალსაზრისით. მას წელიწადში 11 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი