ახალი ამბები

გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

17 აგვისტო, 2017 • 3117
გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს

“ჯემ ფესტის” დამფუძნებელი გიორგი სიგუა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. სიგუა უწყებაში ხვალ, 18 აგვისტოსაა დაბარებული.

როგორც “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, გმაოძიება ფესტივალის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებზე მიმდინარეობს:

“ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა” – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.

რამდენიმე დღის წინ გიორგი სიგუამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ფესტივალის ფინანსურ წარმოუმატებლობაზე საუბრობდა.

როგორც გიორგი სიგუა აცხადებდა, წლევანდელი ფესტივალი ფინანსურად წარმატებული არ გამოდგა, რაც სიგუას თქმით, პირველ რიგში, მისი “მცდარი წარმოდგენების” შედეგია. გარდა ამისა, ფესტივალის წარუმატებლობას სიგუა უამინდობასა და ფესტივალის სტუმრების ინტოქსიკაციას, მათ შორის ერთ-ერთის გარდაცვალებასაც უკავშირებდა:

“არ გამოვა, რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაშე ფინანსური ვალდებულებები, ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი: წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში,სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია – ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად, საერთო ნერვული ფონი და ქმედებები” – ამბობს სიგუა. 

ფესტივალის ორგანიზატორის თქმით, ფესტივალის ტერიტორიაზე მომუშავე სავაჭრო და კვების ობექტებს მუშაობა არ აქვთ და იჯარის ფულს ვერ იხდიან, რის გამოც “GEM Fest” ვერ ახერხებს ვალების დაფარვას. სიტუაციიდან გამოსავალს კი სამომავლო პროექტების სწორად დაგეგმვაში ხედავდა.

ფესტივალის ორგანიზატორს სასამართლოში უჩივლებენ GEM FEST-ზე დასაქმებულებიც. როგორც ისინი აცხადებენ, დაირღვა მათი შრომითი ცელშეკრულება, რადგან ადმინისტრაციამ მათ დაპირებულ დროს ხელფასი არ ჩაურიცხა. ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე მათ ხელფასს სექტემბრის შუა რიცხვებში დაჰპირდნენ. ზოგიერთ მათგანი კი ნაცვლად 500 ლარისა, მხოლოდ 100 ლარის მიღებასაც დათანხმდა.

მუსიკალური ფესტივალი “GEM Fest” ანაკლიაში 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე იმართებოდა. ის პროექტის “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარდა და ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფომ ფესტივალი დაახლოებით 2 მლნ. ლარით დააფინანსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი