ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ადვოკატის ძებნა და დაპატიმრების საფრთხე – ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან

17 აგვისტო, 2017 • 4194
ადვოკატის ძებნა და დაპატიმრების საფრთხე – ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურის ახალგორის განყოფილებაში ხვალ, 18 აგვისტოს ადვოკატთან ერთად დაიბარეს. მეარაყიშვილს ბრალს დებენ მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ ცილისწამებაში. საქმე შეეხება რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” გაკეთებულ კომენტარს ახალგორში პოლიტიკურად მოტივირებულ საკადრო ცვლილებებზე. თამარ მეარაყიშვილი მის საქმეთან დაკავშირებით მიმდინარე გარემოებებზე ნეტგაზეთთან საუბრობს:

თამარ, იპოვეთ თუ არა უკვე ადვოკატი, რომელიც ხვალ დაკითხვაზე პროკურატურაში გამოგყვებათ? რამდენად რთულია ადგილზევე პროფესიონალი და მიუკერძოებელი ადვოკატის პოვნა? ასევე ვიცით, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც შემოგთავაზათ დახმარება.

დღეს პროკურატურაში მითხრეს, რომ რადგან უარს ვაცხადებდი ადვოკატის გარეშე საუბარზე, სახელმწიფო დამინიშნავდა ადვოკატს. გავიკვირვე და ვუთხარი, რომ გუშინ არ გავუფრთხილებივარ იმის შესახებ, რომ დღეს ადვოკატთან ერთად უნდა გამოვცხადებულიყავი, და ამასთან, უარს ვაცხადებდი მათ მიერ დანიშნულ დაცვაზე. ვუთხარი, მირჩევნია თავად დავიცვა საკუთარი უფლებები, ვიდრე თქვენ მიერ დანიშნულმა დამიცვას. მაშინ მითხრეს, რომ ხვალ, დღის განმავლობაში გამოვცხადდე პროკურატურაში ადვოკატთთან ერთად.

ამჟამად ჩემი მეგობრები [ვერ დავასახელებ] ეძებენ ჩემთვის ჩრდილოეთ ოსეთში ისეთ გამოცდილ ადვოკატს, რომელსაც შეეძლება ჩემი ინტერესების დაცვა, რადგან ყველა იურისტს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებამოსილება არ აქვს.  ვნახოთ, როგორც წავა საქმე. რაც შეეხება თბილისიდან დახმარების შემოთავაზებას, ჩემი ინფორმაციით, ეს შეუძლებელია, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ აქ იურიდიული საქმიანობის უფლება.

თუ ხვალვე ვერ მოიძებნა შესაბამისი ადვოკატი, რა შეიძლება მოხდეს? 

კონსტულტაციას გავივლი ამ კუთხით, რა შეიძლება გავაკეთო იმ შემთხვაში, ვიდრე ადვოკატი მეყოლება.

რამდენად რეალურია საფრთხე, რომ შეიძლება დაგაკავონ ამ საქმეზე?

საფრთხე, რომ აღნიშნული ბრალდების გამო დამაკავონ, მე თავადაც და საქმეში გარკვეულ ადამიანებსაც სასაცილოდ ეჩვენებათ. ისივე, როგორც ჩხრეკა ჩემს სახლში ცილისწამების ბრალდების პარალელურად. დაკავებაზე ვერაფერს ვიტყვი, ამ რაიონში არაფერია გამორიცხული. რეალურად საუბარი არ არის იმის შესახებ,  ვიღაცას ცილი დავწამე თუ არა, ჩემთან ყველა შეხვედრისა თუ გასაუბრების დროს ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ყელში ამოვუვედი, რომ მოკლავენ ადამიანს აქ, გააუპატიურებენ, გაქურდავდნენ თუ სახლს დაუწვავდნენ, ჩემი საქმე და ჩემი პრობლემა არ არის და ჩუმად უნდა ვიყო. გარდა ამისა, ხაზს უსვამდნენ იმასაც, რომ ჩემი და გამოცემა “ეხო კავკაზას” თანამშრომლობა და ურთიერთობა აღიაზიანებთ. დღეს ისიც კი მითხრეს, რომ მალე მურატ გუკემუხოვიც [“ეხო კავკაზას” ჟურნალისტი, რომელიც ხშირად ამზადებს მასალებს ახალგორის რაიონის პრობლემებზე თამარ მეარაყიშვილის მიერ მიწოდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით] მომიჯდება გვერდში ციხეში.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავის გუშინდელ განცხადებაში ვარაუდი გამოთქვა, რომ ეს ზეწოლა თქვენ მიერ ახალგორის სამუდამოდ დატოვების მიზნით ხორციელდება. რას ფიქრობთ ამაზე? რამდენად რეალურია თქვენი თბილისში გადმოცხოვრება, თუკი მსგავსი ზეწოლა გაგრძელდა?

მანდ წამოსვლაზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. მე ადგილობრივ [ახალგორი] ხელისუფლებას და ცენტრალურ ხელისუფლებას შანსს ვაძლევ, რომ ეს ყველაფერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებად შეაფასონ და განაცხადონ, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. მგონია, რომ არ მივა საქმე იქამდე, რომ გამომაძევონ ან რეალური საფრთხე შეუქმნან ჩემს ან ჩემი ოჯახის წევრების სოცოცხლეს. ეს უფრო გაბრაზებული ადამიანების გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეულ ქმედებებს ჰგავს.

ქართული მხარისგან რა მოლოდინი გაქვთ? გუშინდელი დაკავების შემდეგ განცხადებები გააკეთეს საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს ხელისუფლების წევრებმა, მათ შორის, მინისტრმა შერიგების საკითხებში და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა თქვენს დაკავებასთან დაკავშირებით და ცხელი ხაზი აამოქმედა. როგორ ფიქრობთ, კიდევ რისი გაკეთება შეუძლია ქართულ მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებას თქვენს დასაცავად?

გუშინდელი ფაქტის შემდეგ უამრავი ადამიანი გვეხმიანება მე და ჩემს ოჯახს. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო. დღეს ყველა საინფორმაციოს ერთ-ერთი მთავარი თემაც ესაა. თუ გაგრძელდა განგაში და მძაფრი ინტერესი საერთაშორისო და სხვა უწყებების მხრიდან, მგონია, რომ ჩემი საქმე სამართლიანად დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი