ახალი ამბები

ანა დოლიძე: თამარ მეარაყიშვილის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის გამოვლინებაა

17 აგვისტო, 2017 • 1725
ანა დოლიძე: თამარ მეარაყიშვილის დაკავება საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის გამოვლინებაა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ახალგორში სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის გატაცების ფაქტის შესახებ ამბობს, რომ ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება.

“აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვიცით მისი სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ, ის არის გამორჩეული მოქალაქე და ეს ქმედება, სულ მცირე, არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, აქტივისტზე ზეწოლა და, რაც მთავარია, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის რეალური სახის ერთ-ერთი გამოვლინება. იქნება ეს ეთნიკური წმენდა, ქართველების ჩაგვრა, ქართული ენის სწავლების აკრძალვა, ჩვენი აქტივისტების თუ მოქალაქეების გატაცება, – ეს ყველაფერი არის ოკუპაციური რეჟიმის სახის გამოვლინებები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ დავგმოთ ეს ფაქტი, საერთშორისო საზოგადოებამ დაგმოს აქტიურად ეს ქმედება. რაც მთვარია, ჩვენ ყველამ ვიზრუნოთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უფლებები იყოს შესაბამისად დაცული”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

თამარ მეარაყიშვილი 2017 წლის 16 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ დააკავა, იგი აცხადებს, რომ ცილისწამებაშია ბრალდებული.


 

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი