ახალი ამბები

საია მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს რკინიგზელთა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა

17 აგვისტო, 2017 • 2117
საია მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს რკინიგზელთა მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ პოლიციამ დაარღვია საქართველოს რკინიგზის შენობის წინ შიმშილობის აქციის მონაწილეების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, როდესაც 15 აგვისტოს, აქციის მიმდინარეობისას, აიღო მონაწილეების მიერ განთავსებული კარავი:

“აღნიშნული ფაქტის შემდგომ, შეკრების უფლებაში ჩარევამ განგრძობითი ხასიათი მიიღო და აქციის მონაწილეებს დღემდე არ ეძლევათ შესაძლებლობა, მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ იმ ფორმით, რომელსაც თავად ანიჭებენ უპირატესობას.”

საიას დაკვირვებით, ადგილი, სადაც კარავი იყო განთავსებული, არ წარმოადგენს ტრანსპორტის სავალ ნაწილს, აქციის მონაწილეების მიერ შერჩეულ ადგილას აქციის მიმდინარეობა არ აფერხებს მოძრაობას და არც რომელიმე შენობის ფუნქციონირების შეფერხებას/ბლოკირებას იწვევს.

“შესაბამისად, პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის დემონსტრირებას, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს.

როგორც წესი, აქციის ორგანიზატორები შეკრების ადგილს და ფორმას ირჩევენ იმ ნიშნით, რომ კონკრეტული შეტყობინებები მივიდეს კრიტიკის ადრესატამდე. შეკრების ჩატარება შესაძლებელი უნდა იყოს იმგვარად, რომ სამიზნე აუდიტორიას მისი დანახვა და მოსმენა შეეძლოს. აქციის ფორმა და ადგილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აქციის კონკრეტულ ფორმას და სახეს (კარავებს) შესაძლოა შეძენილი ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა და განუყოფელი იყოს პროტესტის გზავნილთან. ამასთან, კარავი შესაძლოა წარმოადგენდეს შიმშილობის აქციის გაგრძელებისათვის აუცილებელ ატრიბუტს,” – აცხადებენ საიაში.

საიას განცხადებით, კარვის განთავსებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს ეროვნული სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკაც. 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ “პარტიზანული მებაღეობის” წევრებისათვის მერიის შენობის წინ, სკვერში კარვის განთავსების შეზღუდვა წარმოადგენდა მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევას. სასამართლომ განმარტა, რომ “შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროის, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას.”

საია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ მშვიდობიანი შეკრების უფლებაში ჩარევა და აქციის მონაწილეებს მისცენ შესაძლებლობა, აქციის მიმდინარეობისას განათავსონ კარავი.

საია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლონ იმ პოლიციელთა ქმედებები, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვაში და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.


რკინიგზელთა აქცია უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. კარვის გაშლის ფაქტს უკვე გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. მისი შეფასებით, რკინიგზელებს უკანონოდ ერთმევათ კარვის გაშლის უფლება.

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს. აცხადებენ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, სამუშაო ადგილის ცვლილებას არ ითვალისწინებდა. ისინი უარყოფენ, რომ რკინიგზამ მათ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზეს.

თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზა საპირისპიროს ამტკიცებს. მათ ჟურნალისტებს ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინეს, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ და მოუწოდებენ თანამშრომლებს, დაბრუნდნენ და შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. რკინიგზელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებაა და პირადად მათ სამუშაო პირობებზე ამ დრომდე არავინ გასაუბრებია, ამიტომ უარს აცხადებენ, შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. ისინი რჩებიან შენობის წინ და ელოდებიან, როდის მივლენ მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი