ახალი ამბები

ნარმანია “მულტიტესტის” კვლევას უნდობლობას უცხადებს

17 აგვისტო, 2017 • 1733
ნარმანია “მულტიტესტის” კვლევას უნდობლობას უცხადებს

დავით ნარმანია კომპანია “მულტიტესტის” მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოწყობა შეუძლებელია, არ ენდობა – ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, ამ დრომდე კვლევის სრული ვერსია ნანახი არავის აქვს და და არც ისაა ცნობილი, თუ რას ეყრდონა მონაცემები.


“მეეჭვება ეს კვლევა და მისი შედეგი. არავის უნახავს დღემდე კვლევა თავიდან ბოლომდე და ის, თუ რას ეყრდნობა. დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი, თუ მივიღებდი ასეთ კვლევას.  დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ სახურავებზე აკეთებენ მწვანე საფარებს და არ მგონია, ელიავაზე იყოს შეუძლებელი, საჭიროების შემთხვევაში, მწვანე სივრცის მოწყობა.

კვლევის შედეგები გუშინ “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა. სააგენტო იუწყებოდა, რომ კვლევის მიხედვით, ტერიტორიაზე ნიადაგი, ფაქტობრივად, არ არის, რადგან ფართობი მთლიანად ქვაღორღითა და სამშენებლო ნაგვითაა დაფარული. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, “მიუხედავად მცენარისთვის შესათვისებელი საკვები ელემენტების დამაკმაყოფილებელი მონაცემებისა, გრუნტის შედგენილობა (ნიადაგი 20%, ქვაღორღი 80%) არადამაკმაყოფილებელია მწვანე ნარგავობის გასაშენებლად”.

შპს “მულტიტესტს” დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით “ნეტგაზეთმაც” მიმართა, სადაც გვითხრეს, რომ კვლევების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მხოლოდ დამკვეთ-შემსრულებელს შორის იცვლება. მერიასა და თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფში კი განგვიცხადეს, რომ კვლევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი