ახალი ამბები

აჭარის პროკურორის მოადგილის როლი 7 ნოემბრის საქმეში

30 აპრილი, 2013 • 1879
აჭარის პროკურორის მოადგილის როლი 7 ნოემბრის საქმეში

აჭარის პროკურორის მოადგილე კი ამბობს, რომ მზად არის მასთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას საჯაროდ უპასუხოს. ლია მუხაშავრიას თქმით, მისი ორგანიზაცია იცავს 7 ნოემბერს დაზარალებული პირების უფლებებს სასამართლოში და სწორედ აქედან გამომდინარე ჰქონდა მას ურთიერთობა ირაკლი იმერლიშვილთან:

 

“სულ არა ვარ მომხრე, ჩვენ ისევ გავხდეთ ჩემპიონი ციხეში პატიმართა რაოდენობით, მაგრამ პროკურატურამ უნდა გააკეთოს მნიშვნელოვანი საქმე, ყველას ბრალეულობა უნდა დაადასტუროს, მტკიცებულებები დადოს, დასაბუთებული საქმეები დაასრულოს, იმ ადამიანებმა ბრალეულობა აღიარონ და მერე ვაპატიოთ”.

 

2007 წლის 7 ნოემბერი, თბილისი
2007 წლის 7 ნოემბერი, თბილისი

აჭარის პროკურორის მოადგილეს “ბათუმელებმა” 7 ნოემბრის გამოძიებაში მის როლზე ჰკითხა.

 

“მე მაშინ ვმუშაობდი ქალაქის (თბილისი) პროკურატურაში. მე ვიყავი რიგითი პროკურორი. გამოძიებას აწარმოებდა საგამოძიებო ნაწილი. დეტალურად არ მახსოვს”, – აცხადებს ირაკლი იმერლიშვილი და დასძენს – “ეს იყო დიდი საქმე და დაყოფილი იყო ეპიზოდებად, რომელსაც რამდენიმე უწყება იძიებდა. მე ვიძიებდი ერთ-ერთ ეპიზოდს, როგორც პროკურორი. იქ იყო მასალები, ანუ რაც მოეწოდა პროკურატურას, იმაზე გაკეთდა სამართლებრივი შეფასება თბილისის პროკურატურის მიერ”.

 

ირაკლი იმერლიშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ზოგადი სურათი შეუძლია აღიდგინოს:

 

“პოლიციელების ქმედებაზე იყო დაწყებული გამოძიება, ძირითადად მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით”.

 

ირაკლი იმერლიშვილის თქმით, ლია მუხაშავრიას პრეტენზიების შესახებ მასაც სმენია: “ჩემთან დაკავშირებით ადრეც გამოთქვა
რაღაც პრეტენზია, ამიტომ მზად ვარ, როცა ბათუმში დავბრუნდები, ანუ ორშაბათს, შეგხვდეთ და ნებისმიერ კითხვას კონკრეტული
პასუხები გავცე”.

 

ლია მუხაშავრია არსებულ სიტუაციას სკეპტიკურად აფასებს და საკადრო პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს: “მე ვუთხარი
არჩილს (არჩილ კბილაშვილი), ირაკლი იმერლიშვილს თუ იქ დანიშნავთ, რას ელით-მეთქი. ბათუმელებმა არ იციან ვინ არის
ირაკლი იმერლიშვილი. ჩვენს ორგანიზაციას გასაჩივრებული აქვს 7 ნოემბრის საქმეები სტრასბურგში… რა თქმა უნდა, ვურეკავდი, ვწერდი, მაგრამ ჩემთვის არ უპასუხია. დღეს ეს კაცი არის დაწინაურებული”.

 

ირაკლი იმერლიშვილის თქმით, თანამდებობაზე, ანუ აჭარის პროკურორის მოადგილედ დანიშვნის დროს, 7 ნოემბრის გამოძიებაში მის როლზე არაფერი უკითხავთ:

 

“მართალი გითხრათ, აჭარაში რომ ჩამოვედი, მერე მოხდა ჩემთან გასაუბრება. იყო გასაუბრება, ალბათ, აჭარის ავტონომიის ხელისუფლებასთან… მოიკითხავდნენ ძველ საქმეებს, ახალ საქმეებს… სხვა რეგიონში წასვლაც შემომთავაზეს, მაგრამ ბათუმიდან რომ მომივიდა, მე ბათუმი ვარჩიე, იმიტომ, რომ აქ დაბადებული-გაზრდილი ვარ და სურვილი მაქვს კარგის გაკეთების”.

 

პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ მას ბევრი რეკომენდატორი ჰყავდა თანამდებობაზე დანიშვნის დროს:

 

“დამირეკეს კადრებიდან და მითხრეს, თუ დავბრუნდებოდი პროკურატურაში სამუშაოდ. მე დავთანხმდი. რეკომენდატორები ბევრი იყო – გეპეიში ვასწავლიდი, იქიდანაც იყვნენ ვიღაცები, იყვნენ, მაგალითად, ჩემი კურსელები, თანამშრომლები… არ მქონია შეხვედრა ხელმძღვანელობასთან, არც მთავარი პროკურორი მინახია, არც მოადგილე… კადრებში დამიბარეს, მივედი, ვნახე ჩემი პირადი საქმე იყო ამოღებული და შემომთავაზეს მემუშავა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი