ახალი ამბები

EUMM-მა ახალგორში აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა

16 აგვისტო, 2017 • 2705
EUMM-მა ახალგორში აქტივისტის დაკავებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი აამოქმედა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ ამოქმედდა ცხელი ხაზი თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

აქტივისტი და “ნეტგაზეთისა” და “ეხო კავკაზას” ფრილანსერი რეპორტიორი თამარ მეარაყიშვილი ახალგორში საკუთარ სახლთან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ  16 აგვისტოს  დააკავა.

სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი ამჟამად ერთადერთი ინსტრუმენტია კონფლიქტის მხარეებს შორის კომუნიკაციისთვის. EUMM-ის  ცნობით, მათ მიიღეს შეტყობინება მეარაყიშვილის დაკავების შესახებ და აამოქმედეს ცხელი ხაზი. სხვა კომენტარს სადამკვირვებლო მისია ამ ეტაპზე არ აკეთებს.

“სუს-ის მიერ ინფორმირებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია, გააქტიურებულია ე.წ. “ცხელი ხაზის” მექანიზმი, მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება”, – განუცხადეს ნეტგაზეთს სპეციალური უსაფრთხოების სამსახურში. სხვა ინფორმაციას ამ დროისთვის არც ეს უწყება აკეთებს. 
ახალგორში თამარ მეარაყიშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათში მის საცხოვრებელ სახლში ოსი მილიციელები მივიდნენ და ჩხრეკენ. დაკავებულის შვილის ინფორმაციით, ოსი მილიციელები მათ საცხოვრებელ სახლში “ექტრესმისტულ ლიტერატურას” ეძებენ.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა თამარ მეარაყიშვილი რამდენიმე დღის წინაც დაკითხეს.

ახალგორის პროკურატურაში 31 ივლისის დაკითხვის დროს, როგორც თამარ მეარაყიშვილი აცხადებდა, რომ დაკითხვის მიზანი არა მის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები, არამედ დაშინება იყო.

ახალგორში აქტივისტის და ჟურნალისტის დაკავებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი და მოუწოდა  დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თამარ მეარაყიშვილი. ასევე, მოუწოდება საქართველოს მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა მისი უსაფრთხოების დასაცავად და გასათავისუფლებლად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი