ახალი ამბები

სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ქალი პოლიციელებს გულგრილობაში ადანაშაულებს

17 აგვისტო, 2017 • 1885
სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ქალი პოლიციელებს გულგრილობაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ქალი, რომელიც სავარაუდოდ ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი გახდა, სამართალდამცავებს გულგრილობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა, ანა ჯანაშიამ ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.
როგორც ანა ჯანაშია ამბობს, 15 აგვისტოს, ღამის 11 საათზე, მისი მეგობარი სამსახურიდან სახლში, ვაკის პარკის მიმდებარე მიწისქეშა გადასასვლელის გავლით სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც აედევნა უცნობი მამაკაცი და გაცნობაზე უარის მიღების შემდეგ დაუწყო ტანსაცმელზე ჯაჯგური და მისი გაუპატიურება სცადა, თუმცა ახალგაზრდა ქალმა გამოქცევა შეძლო.
როგორც ანა ჯანაშია ამბობს, ახალგაზრდა ქალმა იმავე ღამით გამოიძახა პოლიცია, რომელმაც განყოფილებაში გადაიყვანა და შეადგინეს ოქმი, სადაც საერთოდ არ აღნიშნეს სექსუალური ძალადობის შემცველი არც ერთი ქმედება და არც  ფიზიკურ დაზიანებებს მიაქციეს ყურადღება, რომელიც გოგონას აღენიშნებოდა. ანა ჯანაშიას თქმით, პოლიციელებმა სრული გულგრულობა გამოიჩინეს იმ დანაშაულისადმი, რაც ახალგაზრდა ქალის მიმართ განხორციელდა – კერძოდ, ოქმი  იმ ჩვენებაში, რაც გამომძიებელმა შეადგინა, ეს ყველაფერი ხულიგნობას უფრო ჰგავდა, ვიდრე გაუპატიურების მცდელობას.
“და ეს ყველაფერი არ არის – ჩემი მეგობარი იღებს “მეგობრულ რჩევას” გამომძიებელ ლევანისგან, რომ არ უთხრას ეს ამბავი არავის, რადგან ჭორაობას დაიწყებენ და არ გაწყობსო,”- წერს ანა ჯანაშია.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალს სხეულზე დაზიანებებიც აღენიშნება:
download
როგორც პროკურატურაში გვითხრეს, მომხდართან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე 1 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 19 137-ე მუხლით (გაუპატიურების მცდელობა). ანა ჯანაშიას განცხადებით, მის მეგობარს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი