ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

16 აგვისტო, 2017 • 19153
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტი ახალგორიდან, თამარ მეარაყიშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა დააკავეს.

როგორც ნეტგაზეთს თამარ მეარაყიშვილის შვილმა უამბო, მისი დაკავება ახალგორში, სახლთან ახლოს მოხდა:

“დედა თბილისიდან ჩამოვიდა [თბილისის დროით, 18:20], სახლთან უკვე მანქანა ელოდა. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა განუცხადეს, რომ დაკავებულია და ახალგორის პოლიციის შენობაში შეიყვანეს. დაკავების ორდერი თან არ ჰქონიათ და არც ის უთქვამთ, რა ბრალდებით იყო დაკავებული. უთხრეს, რომ ადგილზე ყველაფერს შეატყობინებდნენ”.

დაკავების პროცესში თამარ მეარაყიშვილმა მოასწრო დარეკვა “ეხო კავკაზას” კორესპონდენტთან. აუდიოჩანაწერში ისმის როგორ ეუბნებიან მას, რომ დაკავების მიზეზს “იქ” [მილიციაში] აუხსნიან:

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა თამარ მეარაყიშვილი რამდენიმე დღის წინაც დაკითხეს.

ახალგორის პროკურატურაში 31 ივლისის დაკითხვის დროს, როგორც თამარ მეარაყიშვილი აცხადებდა, დაკითხვის მიზანი არა საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები, არამედ დაშინება იყო.

“გამომძიებელმა მკითხა, რატომ არ ვთხოვდები? ვინ მარჩენს? მაქვს თუ არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები? როდის დავასრულებ გამოცემა “ეხო კავკაზასთან” თანამშრომლობას? ვუთხარი, რომ იქ ბრალდებასთან დაკავშირებული საკითხის გამო ვიყავი და მსგავს კითხვებზე არ ვუპასუხებდი, რაზეც გამომძიებელი კიდევ უფრო გაღიზიანდა და შეურაცხყოფაზე და ყვირილზე გადმოვიდა”.

საბოლოოდ თამარ მეარაყიშვილმა ახალგორის პროკურატურის შენობა საქმესთან დაკავშირებული ჩვენების გარეშე დატოვა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს კი თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი