ახალი ამბებისაზოგადოება

GEM Fest-ს შრომითი უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან

17 აგვისტო, 2017 • 4636
GEM Fest-ს შრომითი უფლებების დარღვევისთვის სასამართლოში უჩივიან

მუსიკალური ფესტივალის, “Gem Fest”-ის დასაქმებულები ფესტივალის მენეჯმენტს სასამართლოში უჩივლებენ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. როგორც ისინი აცხადებენ, ადმინისტრაციამ მათ დაპირებულ დროს ხელფასი არ ჩაურიცხა. ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე მათ ხელფასს სექტემბრის შუა რიცხვებში დაჰპირდნენ. ზოგიერთ მათგანი კი ნაცვლად 500 ლარისა, მხოლოდ 100 ლარის მიღებასაც დათანხმდა.

“მე არ ავიღე ეს 100 ლარი. მე მოვითხოვ, რომ სრულად ამინაზღაურონ შრომა. მენეჯერებმა ჩვენ გვითხრეს, რომ მათ ფიზიკურად არ ჰქონდათ თანხა და ვერ გადაგვიხდიდნენ.

შემდეგ გვითხრეს, რომ ხელფასს გადაგვიხდიდნენ მომავალი ფესტივალის გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხით და ბილეთების გაყიდვა დაიწყებოდა 15 სექტემბრიდან და დაახლობით 20 სექტემბრამდე შუალედში ჩაგვერიცხებოდა ფული. ჩვენ ამ ადამიანებმა ხელშეკრულების პირობები დაგვირღვიეს და, მით უმეტეს, სიტყვაზე ვერ ვენდობოდით. შესაბამისად, რეაგირებაც მოვახდინეთ. საიას დახმარებით მზადდება სარჩელი და სავარაუდოდ პარასკევს (18 აგვისტო) შევიტანთ. დაახლოებით 25 ადამიანი ერთიანდება ამ სარჩელში,” – ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი თანამშრომელი საბა გაბისონია.

გაბისონინას თქმით, ფესტივალის მენეჯმენტთან ოფიციალურად გააფორმა შრომითი ხელშეკრულება. მას 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე უნდა ემუშავა დღეში 6 საათის განმავლობაში ბილეთების შემმოწმებლად. ხელფასიც სამუშაოს დასრულებისთანავე უნდა მიეღო. თუმცა, როგორც თავად გვიყვება, დღეში 12 საათსაც კი მუშაობდნენ მძიმე პირობებში, საჭმელისა და წყლის გარეშე. თუმცა, თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, ისინი უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყვნენ წყლით.

“სახლში უკან მხოლოდ 4-ჯერ მოვახერხე დაბრუნება. ფესტივალის ტერიტორიაზე, ქუჩაში გვეძინა. წყალი როცა მოგვინდებოდა, მაშინ არ გვქონდა, თუ მოჰქონდათ, ისეთი ცხელი იყო, იმას უბრალოდ ვერ დავლევდით, ამიტომ ვყიდულობდით. ფსიქიკურად ძალიან რთული იყო იქ ყოფნა, ბევრმა ვერ გაუძლო. არც საცხოვრებელი, არც საჭმელი, არც წყალი… “

როგორც ამბობს, არ ჰქონდათ დასაძინებელი ადგილი და ხმამაღალი მუსიკის ფონზე უხდებოდათ ქუჩაში ძილი. ასეთი პირობების გამო თავდაპირველად სამსახურში აყვანილი დაახლოებით 60 დასაქმებულიდან მუშაობა 42-მა მათგანმა გააგრძელა. იმის შესახებ კი, რომ შესაძლოა მათთვის ხელფასი არ გადაეხადათ, ფესტივალის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე შეიტყვეს. მას შემდეგ, რაც გაბისონიამ მენეჯერისაგან ვერ მოისმინა დამაჯერებელი პასუხი ამ საკითხზე, დასაქმებულებმა აქციის მოწყობა გადაწყვიტეს და მეორე დილით ფესტივალის შესასვლელთან შეიკრიბნენ. აქციამ მოგვიანებით ხიდთან გადაინაცვლა, სადაც, საბა გაბისონიას თქმით, ერთ-ერთ დასაქმებულს ადმინისტრაციის წევრმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.

მუსიკალური ფესტივალი “GEM Fest” ანაკლიაში 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე იმართებოდა. ის პროექტის “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩატარდა და ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფომ ფესტივალი დაახლოებით 2 მლნ. ლარით დააფინანსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი