ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის ნაჩუქარი ბინები და ჟურნალისტების დაპირისპირება

16 აგვისტო, 2017 • 3644
ალიევის ნაჩუქარი ბინები და ჟურნალისტების დაპირისპირება

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისთვის ნაჩუქარი ბინები აზერბაიჯანში განხილვის საკითხი გახდა და საზოგადოება რამდენიმე ბანაკად გაყო. თუმცა განსახილველი საკითხი არა ჟურნალისტების მოსყიდვა, არამედ ბინების “უსამართლო გადანაწილება” გახდა.

ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ახალაშენებული ბინები, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულების შესაბამისად, იმ ჟურნალისტებისთვისაა განკუთვნილი, ვისაც საკუთარი ბინა არ აქვს. ეს არის მთავარი კრიტერიუმი. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, მათ შორისაა ათწლიანი სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტიკაში და სამწლიანი სამუშაო სტაჟი ერთ მედიაგამოცემაში.

როგორც აღმოჩნდა, ბინაზე განაცხადი 2000-ზე მეტმა პრეტენდენტმა შეიტანა, თუმცა საჩუქრით მხოლოდ 255 დააკმაყოფილეს. ამ ფაქტმა აზერბაიჯანში ბევრი ჟურნალისტი გაანაწყენა.

მათ შორისაა ვაფა ფარაჯოვა, მთიანი ყარაბაღის ომის დროს დევნილი. ჟურნალისტი ამბობს, რომ 21 წელია სარდაფში, ყველანაირი პირობის გარეშე ცხოვრობს და ჟურნალისტიკაშიც “მრავალი წელია” მოღვაწეობს. ფარაჯოვა პრეზიდენტის მიერ დასაჩუქრებულთა სიაში არ აღმოჩნდა და საკუთარი პროტესტი სხვა ჟურნალისტებთან ერთად ფეისბუკით გაავრცელა.

“პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ბინები ჟურნალისტების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად გაიცემა და არ იმიტომ, რომ ვიღაცამ მეორე ან მესამე ბინა, ან პრესსამსახურების თანამშრომლებმა და პირადმა მდივნებმა მიიღონ. ზოგიერთმა, უბრალოდ, ისარგებლა პრეზიდენტის ნდობით. არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის სახელზე საჩივრებს დავწერ. ზოგიერთი კი აქეთ მესხმის თავს, რომ “თურმე პრეზიდენტის მშვენიერ ინიციატივას ასეთი ხმაურით ჩრდილს ვაყენებთ”.

სრული სიის შესწავლა, ვინ მიიღო ბინა “დამსახურებულად” და ვინ არა, ფაქტიურად შეუძლებელია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ალი ჰასანოვი ტელეკომპანია “ხაზართან” საუბარში ამბობს, რომ ბინები სამართლიანად გაიცა, თუმცა შეცდომისგან დაზღვეული ვერ იქნებიან.

“2400 კაციდან 255-ის არჩევა ძალიან რთული იყო. თითოეული განცხადება შევისწავლეთ. შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, როცა ამ რაოდენობის მომართვის განხილვა გიწევს. თავდაპირველად 850 ჟურნალისტი შევარჩიეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ 300-ზე მეტი უზრუნველყოფილი იყო ბინით. იყვნენ ისეთებიც, ვინც კომისიის მოტყუებას ცდილობდა საკუთარი ქონების სხვაზე  გადაფორმების გზით. ასევე, ზოგიერთი რედაქცია ჟურნალისტების სტაჟის გაყალბებას ცდილობდა”.

ალი ჰასანოვი ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტის ეს საჩუქარი მისი პირადი ინიციატივაა და ამიტომაც არ უნდა განიხილებოდეს ამ კუთხით.

რუსტამ პირიევი, საზოგადოებრივ- პოლიტიკური გაზეთი “ეხოს” სპორტული მიმომხილველი, პრეზიდენტის მიერ დასაჩუქრებულ ჟურნალისტთა სიაში აღმოჩნდა.  

ამბობს, რომ კომისიის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო:

“ძალიან სიმბოლური საჩუქარი იყო. ამის შესახებ 19 ივლისს შემატყობინეს. 20-ში უკვე ქვეყნის ლიდერს შევხვდით და ბინები გადმოგვცეს. 21- ში კი დაბადების დღე მქონდა. პრეზიდენტის საჩუქარი მთელი ცხოვრება მემახსოვრება. აქვე კიდევ ერთხელ მადლიერებას გამოვხატავ მის მიმართ ასეთი ყურადღებისთვის. ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან ეს ნამდვილად მშვენიერი ჟესტია”.

რუსტამ პირიევი არ ეთანხმება ბრალდებას, რომ უსამართლოდ გასცეს ბინები.

“ყველას სურს ასეთი  მეფური საჩქრის მიღება პრეზიდენტისგან. მაგრამ რას ვიზამთ, შეზღუდული რაოდენობაა და შეუძლებელია ყველა დააკმაყოფილონ. მოთმინება უნდა იქონიონ და მესამე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას დაელოდონ. მათ, ვინც პროტესტი გამოთქვა, უბრალოდ, შური ამოძრავებთ ბინების ახალი მეპატრონეების მიმართ. დარწმუნებული ვარ, მათთვისაც რომ მიეცათ,  უსამართლობაზე აღარ ისაუბრებდნენ”.

აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი ჰამიდ ჰამიდოვი ამბობს, რომ ნებისმიერი მსგავსი საჩუქარი დამსახურების მიხედვით უნდა გაიცეს და არა იმ კრიტერიუმით, ვის უფრო მეტად უჭირს. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი ცხოვრობ ქირით, ან გაქვს თუ არა ბინა. ჩემი აზრით, ამ სიაში არიან ისეთები, ვინც დაიმსახურა, და ისეთებიც,  ვინც არ დაიმსახურა. ბევრია ისეთიც, ვინც ღირსეულად შრომობდა წლების განმავლობაში, თუმცა ბინაზე განაცხადი არ გაუკეთებია”.

ალიევის საჩუქარი, როგორც ქრთამი ჟურნალისტებითვის, განსახილველად მერეოხარისხოვანი საკითხი აღმოჩნდა. ნაკლებად დაისვა კითხვები, არის თუ არა ეს ბინები ქრთამი და რამდენად შეძლებენ ჟურნალისტები დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მსგავსი საჩუქრის მიღების შემდეგ.

“პრეზიდენტის დასაჩუქრებულთა შორის დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც ჩინოვნიკებს აკრიტიკებენ. სად არის ლოგიკა? არ ვეთანხმები, რომ ეს ქრთამია. პირიქით, ჟურნალისტი, რომელიც უკეთეს პირობებში ცხოვრობს, უკეთესად შეასრულებს მოვალეობას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით აღარ იფიქრებს პოტენციურ ქრთამზე”, – ამბობს რუსტამ პირიევი, გამოცემა “ეხოს” წარმომადგენელი.  

ქენან გულიზადე გამოცდილი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. წლების განმავლობაში მრავალი აზერბაიჯანული გამოცემის რედაქტორიც იყო. პრეზიდენტის საჩუქარი ბინის სახით ჯერ კიდევ სამი წლის წინ მიიღო სპეციალურად ჟურნალისტებისთვის აშენებულ პირველ საცხოვრებელ კორპუსში. ქენანი ამბობს, რომ ეს საჩუქარი კი არა, დამსახურებული პრემია იყო.

“მანამდე 21 წელი ქირით ვცხოვრობდი. ბინის მიღების შემდეგ უფრო დამოუკიდებელი გავხდი, აღარ ვარ უსახლკარო. იმ ფულით, რომლითაც ბინის ქირას ვიხდიდი, ახლა ბავშვებს სწავლაში ვიხდი, შვილების მომავალში ვაბანდებ”.

ჟურნალისტი სეიმურ ქიაზიმოვი ჩვენს რესპონდენტებს შორის ერთადერთია, ვინც პრეზიდენტის საჩუქარს ცალსახად ქრთამად მიიჩნევს.

“თავად ფორმულირება –  ჟურნალისტების საცხოვრებელი პიროებების გაუმჯობესება, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემო არ არის კარგ მდგომარეობაში. შეუძლებელია, ერთი მხრივ, ჟურნალისტთა მდგომარება გააუმჯობესო ბინების დარიგებით, და მეორე მხრივ, ქვეყანაში მედიის თავისუფლება ჩაახშო. მას შემდეგ, რაც ყველა სამუშაო პირობას შეუქმნი ჟურნალისტს, ის თავად შეძლებს ფულის შოვნას და ბინის ყიდვას”.


აზერბაიჯანში თავისუფალი ჟურნალისტების დევნამ განსაკუთრებით ბოლო წლებში სისტემური ხასითი მიიღო. ალიევის რეჟიმმა არაერთი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააპატიმრა და სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არალოიალური მედიის წარმომადგენლებისა და მედიაორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქმიანობა სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში გაეგრძელებინათ. ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტი აფგან მუხთარლია, რომელიც 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, ასევე, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პროტესტისა და მოთხოვნების მიუხედავად, მისი გატაცების საქმე ქართულ მხარეს ამ დრომდე არ გამოუძიებია.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი