ახალი ამბები

პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე მერია საზოგადოების აზრს იკვლევს

16 აგვისტო, 2017 • 2109
პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე მერია საზოგადოების აზრს იკვლევს

11 სექტემბერს დასრულდება პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, თუმცა მერიას ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება, დაწესდება თუ არა პეკინის გამზირზე ცალმხრივი საავტომობილო მოძრაობა.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ამბობს, რომ დაახლოებით აგვისტოს ბოლოს გახდება ცნობილი, პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება თუ  არა.

კუბლაშვილის თქმით, უკვე გადაწყვეტილია, რომ პეკინის გამზირზე გაიზრდება ტროტუარები ერთ მხარეს 70 სანტიმეტრით, ხოლო მეორე მხარეს – 3.9 მეტრით.

კუბლაშვილი ამბობს, რომ ტროტუარზე, რომელიც 3.9 მეტრით გაიზრდება, მოეწყობა 2.8 მეტრის სიგანის ორმხრივი ველობილიკი, რომელიც პეკინის გამზირის გაყოლებაზე იქნება.

თუმცა ეს იქნება ფრაგმენტული ნაწილი, რადგან ველობილიკი პეკინის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ეწყობა და, შესაბამისად, მას არ ექნება გაგრძელება კოსტავას ქუჩაზე.

თბილისის მერია ასევე იკვლევს საზოგადოებრივ აზრს იმის შესახებ, მისაღებია თუ არა მოსახლეობისთვის პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, ველობილიკებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლის მოწყობა. თუმცა მერიას უკვე გათვალისწინებული აქვს, გამზირზე ველობილიკისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი მოეწყოს.

გივი კუბლაშვილი ამბობს, რომ იმ ადამიანების ორი მესამედი, რომლებიც გამოკითხეს, თანახმაა, რომ პეკინის გამზირზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდეს. თუმცა ჯერ კვლევა არ დამთავრებულა.

“ნეტგაზეთს” სურდა მერიის ეკოლოგიის საქალაქო სამსახურისგან მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის კითხვარის მიხედვით იკვლევენ საზოგადოებრივ აზრს, თუმცა მერიიდან კომენტარი არ გააკეთეს იქიდან გამომდინარე, რომ კვლევა ჯერ დასრულებული არ არის.

“ჩვენთვის ხალხის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გამოვკითხეთ”, – გვითხრა გივი კუბლაშვილმა და დაამატა, რომ მერია ამ გამოკითხვის შედეგს გაითვალისწინებს.

“ნეტგაზეთმა” კუბლაშვილს ჰკითხა აზრი იმ კრიტიკლ მოსაზრებასთან დაკავშირებით, მოახდენს თუ არა გავლენას პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება  იქ არსებულ ბიზნესობიექტების საქმიანობაზე. საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა 22 ივლისს გაავრცელეს განცხადება  იმის შესახებ, რომ გამზირზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება უარყოფითად იმოქმედებს მაცხოვრებლებსა და იქ მდებარე ბიზნესობიექტებზე.

გივი კუბლაშვილი ამბობს, რომ საავტომობილო მოძრაობა არ არის დაკავშირებული ვაჭრობის სფეროზე, ხოლო იქ, სადაც ფეხით მოსიარულეები მეტია, მყიდველუნარიანობა იზრდება.

გივი კუბლაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი საავტომობილო მოძრაობის დაწესების მიუხედავად, ორმხრივად იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგანაც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ცალკე ზოლი.

საქალაქო სამსახურის უფროსმა  მაგალითად  მოიყვანა ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები, სადაც არსებობს სავაჭრო ობიექტები და ფუნქციონირებენ იმის მიუხედავად, რომ ამ ქუჩებზე ცალმხირივი მოძრაობაა დაწესებული.

პეკინის ქუჩაზე ცალმხირივი მოძრაობის დაწესების შესაძლებლობაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 22 ივლისს განაცხადა.

პეკინის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები 16 ივნისს დაიწყო. მერიის დაპირებით, ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები.

მასალების გადაბეჭდვის წესი