ახალი ამბები

ირმა ინაშვილი მერობის კანდიდატად – პატრიოტთა ალიანსი აქციებს აანონსებს

16 აგვისტო, 2017 • 2209
ირმა ინაშვილი მერობის კანდიდატად – პატრიოტთა ალიანსი აქციებს აანონსებს

“პატრიოტთა ალიანსმა” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა – თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი იქნება.  პარტიის ლიდერების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი “პატრიოტთა ალიანსის” მასშტაბური აქციების ფონზე ჩაივლის, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის შეცვლა იქნება.

ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ადამიანებმა დაკარგეს რწმენა, რომ შესაძლებელია ოპოზიციური ძალის გამარჯვება არჩევნებში. მისი თქმით, ის აღნუშნულ პროცესში “ამ რწმენის დასაბრუნებლად” მონაწილეობს.

“დღეს თბილისში, ბათუმში, რუსთავშიც, საქართველოს ყველა ქალაქში არიან ღირსეული კანდიდატები, თუმცა ისინი თავს იკავებენ კანდიდატურების დაყენებისაგან. ადამიანებმა დაინახეს, რომ ყველა ოლქში ხელისუფლებამ მხოლოდ თავისი კანდიდატები გაიყვანა. მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ გაუმარჯვია.
ადამიანებმა დაკარგეს იმედი და პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ჩვენ ეს წარმოდგენა უნდა დავანგრიოთ. ამომრჩევლებსა და ღრსეულ კანდიდატებს  უნდა დავუბრუნოთ რწმენა, ამისთვის კი ქვეყანაში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა”. – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაში შეიტანა იმგვარი ცვლილებები, რომლებიც მას ხმებით მანიპულაციის საშუალებას აძლევს.

“”ქართულმა ოცნებამ მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ახლა მერი  დაუფარავად გამოართმევს საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა სიას. ანუ დაუვლიან ყველას სათითაოდ და ეტყვიან, რომ თუ, მაგალითად, ირმა ინაშვილს მისცემთ ხმას, სოციალურ დახმარებას მოგიხსნით”. – აღნიშნა ინაშვილმა.

პარტიის ლიდერების განცხადებით, უკვე ჩანიშნულია მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებზეც საარჩევნო სისტემის გარდა არაერთ სხვა პრობლემას გააპროტესტებენ. დავით თარხან-მოურავის განცხადებით, პირველი აქცია 17 სექტემბერს თბილისში, 24 სექტემბერს ბათუმში, 1 და 8 ოქტომბერს კვლავ თბილისში გაიმართება. მისივე თქმით, პარტია შიმშილობის აქციებსაც გეგმავს, რომლებში მონაწილეთა რიცხვიც პერიოდულად გაიზრდება.

“მოთხოვნები ეხება არა მხოლოდ საარჩევნო სისტემას, ასევე ყველა სხვა პრობლემას. მათ შორისაა მიწა, უკიდურესი სიღატაკე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხელს შეუწყობს ტერიტორიების დაბრუნებას”. – აცხადებს თარხან-მოურავი

მანამდე კი ირმა ინაშვილის კანდიდატურას “პატრიოტთა ალიანსის” სხვა წარმომადგენლები აფასებენ. დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებით, ირმა ინაშვილი არჩევნების აქტიურ პოლიტიკურ პროცესად ქცევის გარანტიაა.

“როგორც ბრიფინგზე აღნიშნა, ეს არჩევნები იქნება პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პროცესი იყოს პოლიტიკურად აქტიური, რომელიც ამჟამად არ მიმდინარეობს. ეს რაღაცნაირად უნდა მოხერხდეს. ვფიქრობ, რომ ირმას საშუალებით ეს შესაძლებელია”. – ამბობს ჩხეიძე.

კოლეგების აზრს იზიარებს პარტიის კიდევ ერთი ლიდერი გოჩა თევდორაძე, რომელიც ხელისუფლების მოქმედებებში ადამიანებზე არჩევანის წართმევის მცდელობას ხედავს, რისი აღკვეთაც, მისივე თქმით, ალიანსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება:

“ხელისუფლება მიდის იქით, რომ მოსახლეობას წაართვას არჩევანი. თბილისის მერის არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკურ ჭრილში გადატანილი, რათა ჩვენ გარდავტეხოთ ხელისუფლების მცდელობა, ჩააგონოს მოსახლოებას, რომ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა არ მოხდება.
რა თქმა უნდა, მოსახლეობას აწუხებს ძალიან ბევრი პრობლემა, მათ შორის სოციალური, თუმცა, დამერწმუნეთ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვეყანაში შესაძლებელი იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება”.

დღევანდელ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამაზე დეტალურად არ უსაუბრიათ. მათი თქმით, პერმანენტულად გაიმართება პრესკონფერენციები, სადაც პარტიის ხედვებს, პრობლემათა გადაჭრის გზებსა და სხვა დეტალებს ვრცლად განიხილავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი