ახალი ამბები

8 პარტია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის უმრავლესობასთან პირობებს აყენებს

16 აგვისტო, 2017 • 1665
8 პარტია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის უმრავლესობასთან პირობებს აყენებს

8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ შეთავაზებულ დიალოგში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუ “ქართული ოცნება” თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას დაუბრუნდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით.

“თუ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებების მაღალი ხარისხის საზოგადოებრივ – პოლიტიკური თანხმობის პირობებში განხორციელება და, შესაბამისად, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით”, – აცხადებენ ოპოზიციური პარტიები.

განცხადებას, რომელიც დღეს, 16 აგვისტოს გაავრცელეს, ხელს აწერენ პარტიები: ახალი საქართველო, ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, საქართველოს დემოკრატიული პარტია.

მათი განცხადებით, ისინი მზად არიან „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დასაწყებად და კონსენსუსის მისაღწევად პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტთან დაკავშირებით.

ისინი აღნიშნავენ, რომ მოცემულ საკითხთაგან უმთავრესია ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად – პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფა.

ასევე აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემაზე ქართულ ოცნებას ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებული პოზიცია გააჩნია, მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოქმედება და ამ საკითხზე ადგილობრივი არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარება.

ისინი აცხადებენ:
1. კონსენსუსის მისაღწევად დიალოგის დაწყებამდე ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს მისსავე მიერ შემოთავაზებული კონსტიტუციის რეფორმირების ის პოლიტიკური მოცემულობა და წინაპირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში ჩატარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით;

2. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მზაობა უნდა განაცხადოს იმის თაობაზე,რომ საარჩევნო სისტემის უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ განაწილების წესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოლაპარაკების პროცესში ჩართულ სუბიექტებთან მიღწეული კონსენსუსის შესაბამისად. რაც არსებითად, „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად – პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად გადანაწილებაში იქნება გამოხატული;

3. საარჩევნო სისტემის ყველა სხვა კომპონენტთან დაკავშირებით (როგორებიცაა საარჩევნო ბარიერი, საარჩევნო ბლოკები და სხვა), ოპოზიციური პოლიტიკური ძალები მზად არიან, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები აწარმოონ სუფთა ფურცლიდან.

“ამ პირობათა დაცვის გარეშე მოლაპარაკებების წარმოება არ მოემსახურება საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივ – პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზანს, არამედ შექმნის კონსენსუსის იმიტაციას და სახელისუფლებო პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობას მისცემს საკუთარი სურვილისამებრ, ფაქტიურად, ერთპიროვნულად განახორციელოს კონსტიტუციური ცვლილებები”, – აცხადებენ პარტიები.

პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლების მიერ რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან მიღწეული მოსალოდნელი შეთანხმება საარჩევნო ბარიერის ერთჯერადად დაწევაზე, ბუნებრივი ბარიერის შემოღებასა და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებასთან დაკავშირებით, არ იქნება ის რეალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც აუცილებელია კონსტიტუციური კანონის მისაღებად.

პარტიების აზრით, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებზე მთლიანად „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიისაგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო უმთავრესი შენიშვნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების გასატარებლად აუცილებელია ფართო კონსენსუსის მიღწევა სხვა პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ამის შემდეგ კი საჯაროდ გამოაცხადა მზაობა შესაბამის სუბიექტებთან დიალოგისთვის.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანაში სრულფასოვანი საპარლამენტო მმართველობის შემოღებასთან ერთად, იყო ის პოლიტიკური მოცემულობა, რომლის პირობებშიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის დაწყება საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში.

მათ მიაჩნიათ, რომ ეს მოცემულობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ორიოდე დღით ადრე და პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციური უმრავლესობის ხმებით, ორი მოსმენით, უკვე მიიღო კანონპროექტი იმ ახალი პოლიტიკური მოცემულობით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული, შერეული (მაჟორიტარულ – პროპორციული) სისტემით, ხოლო მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

ამ ახალ მოცემულობაზე „ქართული ოცნების“ გარდა არავის არსად არ უმსჯელია; ამ კანონპროექტისათვის „ქართული ოცნების“ გარდა პარლამენტში წარმოდგენილ არც ერთ პოლიტიკურ ძალას მხარი არ დაუჭერია, აცხადებენ პარტიები.


მმართველი პარტიის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდვ ერთხელ განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 23 ივლისს მეორე მოსმენით მიიღო. რეგისტრაცია სულ 115-მა დეპუტატმა გაიარა და ცვლილებების პროექტს 115-ივე მათგანმა მხარდაჭერა გამოუცხადა.

პლენარულ სხდომას არც ერთი ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატი არ დასწრებია, რადგან მათ საპარლამენტო განხილვებს ბოიკოტი გაამოუცხადეს. “ქართული ოცნება” მოქმედ პარლამენტში 117 დეპუტატითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, კონსტიტუციის შესაცვლელად ოპოზიციის ხმები არ დასჭირდა.

საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც კონსტიტუციის კანონპროექტზე მუშაობდა, პროექტს მხარი დაუჭირა 2017 წლის 22 აპრილს 43 ხმით.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაში მონაცილეობა არ მიუღიათ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რადგან მათ კომისია ბოიკოტის ნიშნად დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი