ახალი ამბებისამართალი

ბორჯომში კვადროციკლის ამობრუნების შედეგად დაღუპული ტურისტი ორსულად იყო

16 აგვისტო, 2017 • 6508
ბორჯომში კვადროციკლის ამობრუნების შედეგად დაღუპული ტურისტი ორსულად იყო

ნეტგაზეთის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბორჯომში, პლატოს აღმართზე კვადროციკლის ამობრუნების შედეგად დაღუპული არაბი ქალი ორსულად იყო, ხოლო საქმეზე ისევ იმ მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, რომლითაც თავდაპირველად დაიწყო.

ინფორმაციის გადასამოწმებლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა, როგორც შსს-ში განგვიცხადეს, შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარებამდე და გამოძიების დასრულებამდე დეტალების შესახებ უწყებაში ვერ ისაუბრებენ.

კვადროციკლი, რომლითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა, ე.წ. პლატოს აღმართზე ამობრუნდა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, ხოლო მისი ქმარი, ბავშვები და მძღოლი მძიმედ დაშავდნენ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

გარდაცვლილი ქალის ხიჯაბი და ამობრუნებული კვადროციკლი. შემთხვევის ადგილიდან კადრები ტელეკომპანია "ბორჯომმა" გაავრცელა.

დაღუპული ქალის ხიჯაბი და ამობრუნებული კვადროციკლი. შემთხვევის ადგილიდან კადრები ტელეკომპანია “ბორჯომმა” გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი