ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ შიმშილობის აქცია პოლიტიკურად მოტივირებულია

16 აგვისტო, 2017 • 2402
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ შიმშილობის აქცია პოლიტიკურად მოტივირებულია

საქართველოს რკინიგზის შენობასთან ორი რკინიგზელი შიმშილობის აქციას აგრძელებს, თავად რკინიგზაში კი დღეს უკვე მათსა და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბრობენ.

მოშიმშილე რკინიგზელები აცხადებენ, რომ 15 აგვისტოს მედიაში გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მათ პირადად არავინ დაკავშირებიათ და სამსახურში დასაბრუნებლად პირობები არ შეუთავაზებია. ერთ-ერთი მათგანის, უჩა ხვთისიაშვილის თქმით, მათ თავად სცადეს ადმინისტრაციასთან ტელეფონით საუბარი, თუმცა ზარებს არ პასუხობენ. მათ ღამე რკინიგზის შენობასთან გაათენეს სკამებზე, რადგან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

“ამ ადამიანებს არც რაიმე სახის წერილი მიუღიათ და არც ვინმე მოსულა მათთან დასალაპარაკებლად. პირიქით, ჩვენ ვცადეთ ადმინისტრაციასთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ,” – აცხადებს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ვიცეპრეზიდენტი ვიტალი გიორგაძე, რომელიც რკინიგზელებთან ერთად უერთდება საპროტესტო აქციას.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, მისი ინფორმაციით, რკინიგზელებს დაუკავშირდნენ მათი უშუალო ხელმძღვანელები და ესაუბრნენ შეთავაზებულ პირობებზე. რკინიგზა მოუწოდებს მათ, რომ რაც შეიძლება დროულად დაბრუნდნენ სამუშაო ადგილზე და გააგრძელონ საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაათავისუფლებენ. ცაგურია აცხადებს, რომ რკინიგზელთა და პროფკავშირების ქმედება პოლიტიკურად არის მოტივირებული და ამ მოვლენების უკან საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის ინტერესები დგას.

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია 16.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია 16.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ჩვენ უკვე მეორე დღეა ვუყურეთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ სიბინძურეს და პროვოკაციას საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ. ადამიანების ეს ჯგუფი წლებია ცვილობს მოაწყოს პროვოკაციები.

ეს ადამიანების არიან შეცდომაში შეყვანილები პეტრიაშვილის ჯგუფის მიერ, რომლებიც მუდმივად სიცრუეს ავრცელებენ. ეს ადამიანები არ არიან და არც არასდროს ყოფილან რკინიგზელთა ინტერესებზე ორიენტირებული,” – აცხადებს ცაგურია.

პროფკავშირში საქართველოს რკინიგზის მხრიდან გახმიანებულ ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი არის საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი, თუმცა მას პოლიტიკური მიზნების არ აქვს, ცაგურიას განცხადება კი არის “უსუსური და პროვოკაციული”. გიორგაძის თქმით, თუ არ აწარმოა რკინიგზამ დიალოგი რკინიგზელებთან, ისინი უფრო მასშტაბურ აქციას წამოიწყებენ და მოშიმშილეებს შეუერთდებიან. მათ 17 აგვისტოს რკინიგზელთა სოლიდარობის აქცია დაგეგმეს.

შიმშილობის აქცია საქართველოს რკინიგზის შენობასთან 16.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

შიმშილობის აქცია საქართველოს რკინიგზის შენობასთან 16.08.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

საქართველოს რკინიგზის შენობის წინ 15 აგვისტოს შიმშილობის აქცია დაიწყეს სამუშაო პირობების ცვლილებით უკმაყოფილო თანამშრომლებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხელმძღავნელების გადაწყვეტილებით, მათ სამუშაო ადგილი შეთანხმების გარეშე შეეცვალათ, ხოლო ტრანსპორტსა და საცხოვრებელს დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს. აცხადებენ, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და იმ ხელშეკრულების პირობები, რომელსაც ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი, სამუშაო ადგილის ცვლილებას არ ითვალისწინებდა. ისინი უარყოფენ, რომ რკინიგზამ მათ განუმარტა პირობები და არც იმას ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი და ტრანსპორტი შესთავაზეს. თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზა საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გუშინ ჟურნალისტებს ის საცხოვრებელი ვაგონი და სამუშაო ოთახი დაათვალიერებინეს, რომლებსაც კახეთის რეგიონიდან გადმოსულ თანამშრომლებს სთავაზობენ და მოუწოდებენ თანამშრომლებს, დაბრუნდნენ და შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას. რკინიგზელები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებაა და პირადად მათ სამუშაო პირობებზე ამ დრომდე არავინ გასაუბრებია, ამიტომ უარს აცხადებენ, შეწყვიტონ შიმშილობის აქცია. ისინი რჩებიან შენობის წინ და ელოდებიან, როდის მივლენ მათთან ადმინისტრაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი