შსს-მ სადაზღვევო თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი გახსნა. ფოტო: შსს

შსს: დანაშაულებრივი ჯგუფი ინსცენირებული ავარიებით სადაზღვევო კომპანიებს აზარალებდა

შსს-ს განცხადებით, გახსნილია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ჩადენილი თაღლითობის უპრეცედენტო ფაქტი. უწყების ცნობით, ოთხი პირი საკუთარ სახელზე დაზღვეულ ავტომობილებს შეგნებულად აზიანებდნენ, რითაც სადაზღვევო კომპანიები დააზარალეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითური დაჯგუფების წევრები – 1978 წელს დაბადებული შ.თ, 1989 წელს დაბადებული ი.წ. და 1984 წელს დაბადებული გ.ს. ამხილეს, ხოლო 1980 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები 2015 წლის 5 დეკემბრიდან 2016 წლის 17 ნოემბრამდე პერიოდში, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საკუთარ სახელზე გაფორმებულ სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს სადაზღვევო კომპანიებში აზღვევდნენ:

“შემდეგ, ამავე დაზღვეული ავტომანქანების გამოყენებით, ინსცენირებულ ავტოსაგზაო შემთხვევებს – განზრახ შეჯახებებს ახდენდნენ. ბრალდებულები მომხდარი ავტოავარიების შესახებ სადაზღვევო კომპანიებს ატყობინებდნენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვდნენ. სადაზღვევო კომპანიები კი ზარალის ასანაზღაურებელ თანხას დამზღვევი პირების ანგარიშზე რიცხავდნენ. დანაშაულებრივმა ჯგუფმა, ჩადენილი თაღლითური ქმედებების შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს დაახლოებით 33 000 ლარის ოდენობის ფინანსური ზარალი მიაყენა.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ი.ტ-ს მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით, ი.წ-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, შ.თ-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ს-ს მიმართ – საქართველოს სსკ-ს 19-180-მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.