ახალი ამბები

ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებას თანხმდება

15 აგვისტო, 2017 • 1770
ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებას თანხმდება

საშემოდგომო საპარლამენტო სესიების დაწყებამდე მმართველი გუნდის შეთავაზებას საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებასთან დაკავშირებით კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების ნაწილი თანხმდება, მათ შორის: “ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ახალი საქართველო”.

“ევროპული საქართველოს” ერთ–ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მათი გუნდი, ბუნებრივია, დიალოგისა და კონსულტაციებისთვის მზად არის, რასაც დიდი ხანია ამბობენ. მისი თქმით, ამას ამბობს ვენეციის კომისიაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური კონსენსუსი იყო უაღრესად მნიშნვნელოვანი კონსტიტუციის შესათანხმებლად:

“შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა მთელ ამ პროცესში, დაწყებული საკონსტიტუციო კომისიით, და საპარლამენტო განხილვებით დამთავრებული. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ მათთან ერთად განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რა არის მნიშვნელოვანი საკითხები და რაზე არის საზოგადოებრივი დაკვეთა დიალოგთან დაკავშირებით. ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მყისიერად შევიდეს ძალაში.”

კაპანაძის განცხადებით, ეს არის ამ სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალები. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის გაუნაწილებელი მანდატების საკითხი. ევროპული საქართველო სთავაზობს ქართულ ოცნებას, რომ განიხილონ ნებისმიერი ევროპული მოდელი, რომელიც მოქმედებს, მათ შორის, დონტის, ვებსტერის თუ სხვა მოდელები.

“ასევე მზად ვართ, რომ განვიხილოთ ნებისმიერი სხვა საკითხი, იმავე ბარიერის თემა, ბლოკების გაშვების თემა, რაც დღეს არსებობს, და მესამე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პრეზიდენის არჩევნები საკითხი. ჩვენი პოზიცია არის, რომ დარჩეს პირდაპირი საყოველთაო არჩევნები პრეზიდენტის. თუმცა, გვესმის რა, რომ ქართული ოცნება არის განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციაზე, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩატარდეს პლებისციტი. ხალხს დავეკითხოთ და რასაც ხალხი იტყვის, ის იყოს საბოლოო შეთანხმება,” – ამბობს სერგი კაპანაძე.

ხელისუფლების შეთავაზებას აკრიტიკებენ “პატრიოტთა ალიანსი”, “ლეიბორისტული პარტია” და ნინო ბურჯანაძის გუნდი. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციის მოსყიდვასა და ჩიხიდან გამოსვლას ცდილობს.

მმართველი პარტიის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებს მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე დიალოგის განახლებას სთავაზობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე კიდვ ერთხელ განიხილონ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი