ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს 753 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა

15 აგვისტო, 2017 • 2094
თბილისის საკრებულომ საპატრიარქოს 753 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთი გადასცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 15 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადასცა.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის, კარლო ლაფერაძის განმარტებით, მუხიანის მე-4 მიკრორაიონში მდებარე 753 კვადრატული მეტრის ფართობის მიწის ნაკვეთი საპატრიარქოს ეკლესიის ასაშენებლად გადასცეს.

ნეტგაზეთმა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტას ჯაბა სამუშიას ჰკითხა, თუ რატომ აძლევს საკრებულო უსასყიდლოდ საპატრიარქოს მიწის ნაკვეთს მაშინ, როცა მას შეუძლია იყიდოს თუნდაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით.

ჯაბა სამუშია ამბობს, რომ საკრებულოს ვალდებულება აქვს საპატრიარქოს მიმართ, თუმცა ვერ დაასახელა, რა ვალდებულება.

“ვერ იყიდიან, ამიტომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ საპატრიარქოს გადასცეს ეკლესიის ასაშენებლად… ეს არის მოთხოვნა, მოსახლეობა ითხოვს კონკრეტულ ლოკაციაზე მიწის ნაკვეთის გამოყოფას. ამის უფლება მათ აქვთ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა, საკრებულო განიხილავს და აკმაყოფილებს”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თუმცა სამუშიამ ისიც აღნიშნა, რომ ეს მიწა გადაეცემა საპატრიარქოს და არა მოსახლეობას.

სამუშიას თქმით, საპატრიარქოს მიწები გადაეცემა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის იმ უბნებში, რომლებიც საბჭოთა პერიოდში გაშენდა და სადაც ეკლესიები არ ყოფილა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საკრებულომ საპატრიარქოს თბილისის ტერიორიაზე მიწის არსებული ნაკვეთები სიმბოლურ ფასად გადასცა. 14 ივლისის მდგომარეობით, 2017 წლის განმავლობაში საკრებულომ საპატრიარქოს 16 590 კვადრაული მეტრის მიწის ნაკვეთი გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი