ახალი ამბები

პროკრედიტ ბანკი ქართულ ბაზარზე რჩება და ფილიალების დახურვის მიზეზს განმარტავს

15 აგვისტო, 2017 • 3839
პროკრედიტ ბანკი ქართულ ბაზარზე რჩება და ფილიალების დახურვის მიზეზს განმარტავს

მიმდინარე წელს “პროკრედიტ ბანკმა” ქვეყნის მასშტაბით ფილიალების უმეტესობა დახურა. მას შემდეგ, რაც ჯგუფმა “სოსიეტე ჟენერალმა” საქართველო დატოვა და მის მფლობელობაში მყოფი “ბანკი რესპუბლიკა  “თი ბი სი” ჯგუფმა იყიდა, პროკრედიტ ბანკი ერთადერთ უცხოურ ბანკად რჩება საქართველოში.

ნიშნავს თუ არა ფილიალების დახურვა იმას, რომ პროკრედიტ ბანკი საქართველოს საბანკო სექტორიდან ეტაპობრივად გადის?

“ნეტგაზეთთან” საუბარში “პროკრედიტ ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია შანშიაშვილი ფილიალების დახურვას ე.წ direct banking-ით ხსნის და ამბობს, რომ ბანკი მომხმარებლისთვის სრულიად ახალი, თანამედროვე სერვისის შეთავაზებას აპირებს და ეს სერვისი ქართულ ბაზარზე მხოლოდ “პროკრედიტ ბანკს” აქვს.

Direct Bank გულისხმობს ისეთ საბანკო მომსახურებას, როდესაც კომერციულ ბანკს არ აქვს ფილიალები და მომსახურების გაწევა ხდება დისტანციურად. პირველი ასეთი ბანკი დიდ ბრიტანეთში შეიქმნა.

“პროკრედიტ ბანკის” გასვლა ქვეყნიდან საერთოდ არც განიხილება, ეს არის მოსახლეობაში აგორებული მცდარი ინფორმაცია. ჩვენ ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ვამყარებთ მცირე და საშუალო ბიზნესში. ფილიალების დახურვა გამოიწვია იმან, რომ  სტრატეგია შევიცვალეთ და მეტი აქცენტი გაკეთდა ახალ კონცეფციაზე, რომელსაც direct banking ჰქვია. ეს გულისხმობს დისტანციური არხების განვითარებას. ანუ იმდენად განვავითარეთ ინტერნეტ ბანკი და თვითმომსახურების ზონები, სადაც მომხმარებლებს დამოუკიდებლად, 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ მიიღონ საბანკო მომსახურეობა, რომ ფილიალების არსებობა საჭირო აღარ არის, ”-აცხადებს ნათია შანშიაშვილი.

“პროკრედიტ ბანკში” მიაჩნიათ, რომ მათ მომხმარებლებს აღნიშნული ცვლილება პრობლემებს არ შეუქმნით. როგორც ბანკის წარმომადგენელი ამბობს, სანამ ცვლილებებს განახორცილებდნენ, კლიენტებს  ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

“დისტანციური არხების განვითარებით ჩვენს მომხმარებლებს თავიდან ავარიდეთ ის უხერხულობა, რაც ფილიალებს ახლავს, რიგში დგომა, დროის კონტროლი, რომ ფილიალი არ დაიკეტოს და ა.შ. დღეს ამ სერვისს მხოლოდ პროკრედიტ ბანკი სთავაზობს მომხმარებელს. თვითმომსახურეობის ის აპარატები, რომლებიც დგას, საქართველოში ჯერჯერობით მარტო ჩვენ გვაქვს და იმ ტრანზაქციების განხორციელება, რომელიც უკვე ჩვენს მომხმარებლებს მოლარე-ოპერატორის გარეშე შეუძლია, ექსკლუზიურად ჩვენია. განსაკუთრებით იურიდიულ პირებს კიდევ უფრო გაუადვილდათ ამის შემდეგ ჩვენს ბანკთან ურთიერთობა”,-ამბობს ნათია შანშიაშვილი.

რაც შეეხება ფილიალებში დასაქმებულ ადამიანებს, ბანკის წარმომადგენელის თქმით, დასაქმებულთა უმრავლესობამ ფილიალების დახურვის შედეგად სამსახურის შენარჩუნება შეძლეს, ოღონდ სხვა პოზიციაზე.

“პროკრედიტ ბანკი” ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია. აღნიშნული ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და გერმანიაშია წარმოდგენილი.

2015 წელს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Rating-მა პროკრედიტ ბანკს “BB” რეიტინგი მიანიჭა. როგორც ბანკის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ,  “პროკრედიტ ბანკის” ძირითად საქმიანობას მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი